13/12/2023
19:17
კონფლიქტები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრაზე განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა.
ასევე მკაცრად მოთხოვნილ იქნა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
„შეხვედრის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებსა და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე. ასევე, იმსჯელეს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებულ პრაქტიკასა და მისი მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრის საორიენტაციო თარიღად 2024 წლის 13 თებერვალი განისაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0