24/04/2024
17:31
ბადაგონი
"„ბადაგონი“ უკვე 34 ქვეყანაში იყიდება სტაბილურად. ჩვენ გვაქვს გერმანიაში ჩვენი სადისტრიბუციო ლოჯისტიკური ბაზა, საიდანაც გადის ჩვენი ღვინოები. ერთ დღეში ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში შედის ღვინო", - ამის შესახებ კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ რადიო „სივრცის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მზარდია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც უკრაინა ჩაანაცვლა.
"„ბადაგონი“ უკვე 34 ქვეყანაში იყიდება სტაბილურად. ჩვენ გვაქვს გერმანიაში ჩვენი სადისტრიბუციო ლოჯისტიკური ბაზა, საიდანაც გადის ჩვენი ღვინოები. ერთ დღეში ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში შედის ღვინო. დღეს, ევროპის ბაზარი ძალიან მზარდია. მაგალითად, პოლონეთშია უზარმაზარი მატება, რომელმაც ერთი ერთზე ჩაანაცვლა უკრაინის ბაზარი. ომამდე, უკრაინის ბაზარი იყო მნიშვნელოვანი, რომელმაც ასევე, ცნობილი ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ბაზარი ჩაანაცვლა. თუმცა, პოლონეთის ბაზარი მაინც ძალიან მზარდი იყო. ისევ ქართული ღვინის ცნობადობიდან და ტურიზმიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
მისივე განცხადებით, ქართული ღვინის გაყიდვისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა, ცნობადობის გაზრდაა.
„გეოგრაფია და ღვინის გაყიდვების ზრდა ყოველწლიურად ნამდვილად გვახარებს, თუმცა ბევრი გამოწვევაა ღვინის ცნობადობის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან. უპრეცედენტო ზრდა და სოლიდური დაფინანსებაა წინა წლებთან შედარებით, რაშიც ჩართულია ღვინის სააგენტო. ვერცერთი კომპანია ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ქართული ღვინის ბრენდის აწევას. ეს დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.“ - აღნიშნა „ბადაგონის“ დამფუძნებელმა.
რადიო „სივრცის“ შეკითხვაზე, კიდევ რომელი ბაზრებია პრიორიტეტული, გიორგი სალაყაია აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს ასახელებს.
"„ბადაგონისთვის" არა მარტო ევროპული ბაზარია პრიორიტეტული, რადგან თუ გადავხედავთ, ერთ სულ მოსახლეზე, ღვინის მოხმარების კუთხით მოწინავე ქვეყნებს, ესენია: აშშ და დიდი ბრიტანეთი - შესაბამისად, ეს ორი ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია. აზიის ქვეყნებში კი, ყველაზე მეტ ღვინოს ერთ სულ მოსახლეზე, იაპონია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი მოიხმარს. ჩვენ საკმაოდ დიდი კვლევა ჩავატარეთ ამერიკის ბაზარზე და დღესაც ვატარებთ. ეს არის ურთულესი ბაზარი, რომელიც საკმაოდ გაჯერებულია იმპორტირებული ღვინით, რომელიც იქ დიდი რაოდენობით შედის.“- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
ფოტო: Forbes Georgia
0
0