19/02/2024
12:44
კულტურა
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამის - European Shooting Stars-ის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილ მსახიობს, სალომე დემურიას, ჯილდოს - „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“ 19 თებერვალს გადასცემენ. საზეიმო ღონისძიებას ქართული დელეგაციის წევრები დაესწრებიან.
ქართველი მსახიობი კონკურსისთვის კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ 2023 წლის ათ ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია და ის რუსუდან გლურჯიძის ფილმში - „ანტიკვარიატი“ - შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.
კინოფესტივალის მსვლელობისას მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა აქვს, პირისპირ შეხვდეს კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს.
„ევროპული კინოს ხელშეწყობა“ საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციებს აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
როგორც ცნობილია, 15-25 თებერვალს ქ. ბერლინი მასპინძლობს 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომლის ფარგლებში 15-21 თებერვალს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის“ მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებთან და სახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.
ევროპულ კინობაზრობაზე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024