30/05/2022
11:35
მსოფლიო
კვირას, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის ტელეარხ Pink-თან ინტერვიუში სერბეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ რუსეთთან შეთანხმების გაგრძელება დაადასტურა, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყნისთვის "ხელსაყრელია".
ვუჩიჩის განცხადებით, მიმდინარე 10-წლიანი შეთანხმების ვადის ამოწურვის (30 მაისს) შემდეგ, სერბეთი ხელს მოაწერს კიდევ ერთ სამწლიან ხელშეკრულებას, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო ენერგოპროვაიდერთან „გაზპრომთან“ გააფორმებს.
„ეს, უდავოდ, ყველაზე იაფი ფასია მთელ ევროპაში. ის, რაზეც შევთანხმდით (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ) პუტინი და მე, ძალიან მომგებიანია სერბეთისთვის. ამიტომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ახალი კონტრაქტის პირველ ნაწილს, რომელიც სამ წელს მოიცავს“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
კვირას, პუტინმა და ვუჩიჩმა ბალკანეთის ქვეყნისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილეს. კრემლის ინფორმაციით, რუსეთი "სერბეთისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტ მიწოდებას" დათანხმდა.
როგორც ცნობილია, სერბეთი არ არის ევროკავშირის ან ნატოს წევრი ქვეყანა. ის თითქმის მთლიანად რუსულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული, ხოლო მისი არმია რუსეთის სამხედროებთან კავშირებს ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთმა მხარი დაუჭირა გაეროს ორ რეზოლუციას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს, ქვეყანამ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა.
0
0