08/12/2022
21:14
ეკონომიკა
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული ნავთობის ღირებულების ვარდნის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება. დღეის მდგომარეობით Urals-ის ფასი ბოლო დღეში დამატებით 4.2%-ით დაეცა და ბარელის ღირებულებამ 55 დოლარი შეადგინა. შემცირების ტენდენციაა დასავლურ ბირჟებზეც, სადაც ბარელი Brent-ის ღირებულება 77 დოლარამდეა შემცირებული, WTI Crude-ის ფასი კი 72 დოლარს შეადგენს.
რა გავლენას იქონიებს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირება საწვავის ადგილობრივ ბაზარზე და როდიდან შეიძლება აისახოს ეს ცვლილებები გასამართ სადგურებზე - ამ კითხვებით BM.GE-მ „გლობალური სავაჭრო ჯგუფის” ხელმძღვანელს ვანო მთვრალაშვილს მიმართა.
დარგის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე ბენზინის ფასი შემცირების ტენდენციით ხასიათდება და ეს ტენდენცია, არსებული ვითარების გათვალისწინებით, დეკემბერშიც გაგრძელდება, თუმცა ვერ აზუსტებს რა პერიოდში შეიძლება კლება სადგურებზე აისახოს.
„ადგილობრივ ბაზარზე ბოლო თვეების განმავლობაში ბენზინის ფასი შეუქცევადად მცირდება. დიდი ქსელი იქნება ეს, საშუალო თუ მცირე ქსელი ფაქტობრივად ფასების ვარდნასთან გვაქვს საქმე. არაბრენდირებულ სადგურებზე რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება დღეს უკვე 2.40 ლარია.
ეს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებით და ლარის კურსის გამყარებითაა განპირობებული.
აქედან გამომდინარე საბითუმო ბაზარზეც ფასები საკმაოდ შემცირებულია. ლოგიკურად, დეკემბერში ეს შემცირება გაგრძელდება“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.
წყარო: bm.ge
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024