20/08/2023
15:40
კულტურა
რეჟისორი რობერტ სტურუა მსახიობ გოგი ხარაბაძეს შენდობას სთხოვს და წერილს უძღვნის:
“გოგი ხარაბაძეს!
გოგი! ჩემი სიყრმის უსაყვარლესო მეგობარო, ფერისცვალებას არ დაუცადე და მიგვატოვე!
ვაი რომ, ბევრმა უძვირფასესმა მეგობარმა მიგვატოვა!..
რა საოცარია?!
ტკივილი, დანაშაულის შეგრძნება არ მასვენებს – მეჩვენება, ჩემმა ძმა-კაცებმა, სამუდამოდ რომ მიმატოვეს – თითქოს მათი წასვლის მიზეზი მეც ვარ, 85 წლის ბერიკაცი! თითქოს ჩემი ბრალია, რომ აღარა ხართ…
მოგეხსენებათ, თეატრში, როგორც ცხოვრებაში, ყველა ერთგულებას ნატრობს: ალბათ გახსოვს, ძვირფასო გოგი, მე, გოგი ქავთარაძემ და შენ,
გოგი ხარაბაძემ, სამმა ერთგულმა ძმამ, ჯერ ოცი წლის არ ვიყავით და პიესა დავწერეთ –
ახალგაზრდა ქართველები ერთმანეთს კლავდნენ და ჩვენ, აღზნებულებმა სპექტაკლით ვუპასუხეთ ამ ტრაგედიას! “ბრალდება” ერქვა ამ მწარე სპექტაკლს და შენი გააფთრებული გმირი, მთავარ როლის შემსრულებელი, ყველას ბრალს დებდი, ვინც მორჩილად ითმენდა ძალადობას და სისასტიკეს!
ეჰ, უნიჭიერესო ჩვენო მსახიობო, იქნებ საღვთო წიგნის კითხვამ, რუსთაველის ღვთაებრივმა პოემამ და ქართულმა პოეზიამ მოგაშორა ამ ცოდვილ სამყაროს სიმდაბლეს! დარწმუნებული ვარ უდიდეს ბედნიერებას გაზიარა შენმა კითხვის უდიდესმა ხელოვნებამ!
ყველას რაღაცა გვეშლება, მაგრამ იქ მაინც შეგვარიგებენ და კვლავ ერთად ვიქნებით!
როგორც გაბრწყინებული მწყემსის ელვარე შუქს შესცქეროდნენ შემცბარი მოწაფეები,
ისე შეგცქერი მე და შენდობას გთხოვ!
მუდამ შენი ძმა და მეგობარი!
რობიკო!” - წერს სტურუა.
0
0