19/01/2022
17:53
მსოფლიო
მკვლევარ ალეხანდრო ბალაზსის თქმით, კვლევის უპირველესი მიზანი „ომიკრონის“ უვნებელი ვერსიის (ცნობილია, როგორც "ფსევდოვირუსი") შექმნა იყო, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს შეერთებული შტატების ლაბორატორიაში არსებული COVID-19-ის საწინააღმდეგო სამი სახეობის ვაქცინის ეფექტურობის შესაფასებლად. ესენია: Pfizer-ისა და Moderna-ს ორდოზიანი ვაქცინები და Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინა. ბალაზისა და მისი კოლეგების მიერ შექმნილმა „ფსევდოვირუსმა“ „ომიკრონის“ ქცევას მიბაძა, რომელსაც „სპაიკ“ ცილის 34 მუტაცია აქვს. მეცნიერები თვლიან, რომ შესაძლოა, ნაწილობრივ ეს მუტაციები იწვევს „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას მთელ მსოფლიოში.
მეცნიერებმა სისხლის ნიმუშები 239 ადამიანისგან აიღეს, რომლებიც სრულად იყვნენ ვაქცინირებულნი COVID-19-ის საწინააღმდეგო სამი ვაქცინიდან ერთ-ერთით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კვლევაში მრავალფეროვანი პოპულაციის წარმოდგენა“, - ამბობს მკვლევარი გარსია-ბელტრანი. ეს ჯგუფი მოიცავდა 70 მამაკაცსა და ქალს, რომლებიც Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინის მესამე გამაძლიერებელი დოზით აიცრნენ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით.
სისხლის ნიმუშები გამოიყენეს იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურად ახდენს თითოეული ვაქცინა, ანტისხეულების სახით, დამცავი იმუნიტეტის გამომუშავებას „ომიკრონის“ ფსევდოვირუსის, ასევე „დელტასა“ და ველური ტიპის ვირუსების წინააღმდეგ.
„შედეგები გასაოცარი იყო. როდესაც გამოვიყენეთ იმ ადამიანებისგან აღებული სისხლის ნიმუშები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ვაქცინირებული იყვნენ mRNA-ს ვაქცინის ორი დოზით ან Johnson & Johnson-ის ერთი დოზით, დადგინდა „ომიკრონის“ ვარიანტის „ფსევდოვირუსის“ ძალიან მცირედი ნეიტრალიზაცია; ხოლო იმ პირების ორგანიზმში, რომლებმაც მიიღეს mRNA-ს ვაქცინის სამი დოზა, „ომიკრონის“ ვარიანტი ძალიან მნიშვნელოვნად ნეიტრალიზებული აღმოჩნდა“, - თქვა ბალაზსმა.
ამასთან, კვლევის შედეგები მტკიცედ უჭერს მხარს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მითითებას, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგოდ გამაძლიერებელი დოზით აცრა დასაშვებია 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის და რეკომენდებულია mRNA-ს ვაქცინების გამოყენება.
0
0