14/04/2023
15:55
კონფლიქტები
სოხუმში სამუშაო ჯგუფმა მხარი დაუჭირა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტს. საუბარი, რუსულ, ქართულ და თურქულ ტვირთებზეა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ამ საკითხს მხარი დავუჭირეთ. აუცილებელია ამაზე მუშაობის გაგრძელება. გარკვეული ტვირთების ტრანზიტზე აკრძალვა გაუქმებული უნდა იყოს“ - განაცხადა ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალერი პაპბამ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ენგურის ხიდის გავლით ვაჭრობა გაამარტივა, საუბარია სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ავტომობილების სათადარიგო ნაწილებზე, საავტომობილო ზეთებზე და ა.შ. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ჯგუფში შედიან, გადაწყვეტილებას მხარი დაუქირეს. ამასთანავე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმას, რომ საზღვარგარეთიდან შემოტანილი ტვირთების განბაჟება საქართველოში ხდებოდეს.
გადაწყვეტილებას აფხაზი ვეტერანების მოძრაობის, „არუაას“ წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. მოძრაობის წევრმა ტიმურ გულიამ ბჟანიას გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
„ჩვენ რა, საქართველოსთან უკვე შევრიგდით? თუ საქართველომ გვაღიარა? თუ ჩვენ ტრანზიტზე თანახმანი ვართ, მაშინ ამ ტვირთების განბაჟება აფხაზეთის კანონმდებლობით უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ბიუჯეტს გავამდიდრებთ“ - განაცხადა მან.
აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კონტეინერებით დატვირთული მატარებელი ჩავიდა, რომლიდანაც ტვირთი თურქულ გემზე, Anatolian იყო ჩატვირთული და კონტეინერები თურქეთში წაიღო. ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენებაზე კომენტარს არ აკეთებს.
0
0