12/01/2024
16:27
სპორტი
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ მას ხვიჩა კვარაცხელიას აგენტსა და ვიქტორ ოსიმენს შორის მიმდინარე კამათი არ აღელვებს და მისთვის მთავარია „ნაპოლის“ ინტერესები. ინფორმაციას football-italia.net ავრცელებს.
„ჩემთვის მთავარია, რომ ფეხბურთელებმა კარგად ივარჯიშონ და მატჩისთვის მოემზადონ. მოთამაშეებმა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქრონ და თავის თანაგუნდელებს დაეხმარონ. მთავარია „ნაპოლის“ ინტერესები. იგივეს ვეტყვი კვარასაც და ოსიმენსაც, როდესაც ის აფრიკიდან დაბრუნდება. მთავარია გუნდი, დანარჩენი მე არ მაღელვებს“, - ამბობს მაცარი.
ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ „ტორინოსთან“ მარცხზე ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ასევე ამბობს, რომ იმ თამაშში „ნაპოლის“ რაღაც მომენტებში „არ გაუმართლა“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ თუ საუდის არაბეთის რომელიმე გუნდიდან ვიქტორ ოსიმენი კარგ წინადადებას მიიღებს, ის „ნაპოლიდან“ წავა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია საუდის არაბეთში სათამაშოდ მილიარდ ევროდაც არ დათანხმდება.
ჯუღელის თქმით, ოსიმენს, ფაქტობრივად კარიერული ამბიციები არ აქვს და ის საუდის არაბეთში მხოლოდ ფულის გამო გადავა, ხოლო მის კლიენტს, ანუ ხვიჩა კვარაცხელიას, სხვა გეგმები აქვს - ის საფეხბურთო კარიერაზე ფიქრობს. ამის საპასუხოდ ოსიმენმა ჯუღელს „სიბინძურე და სამარცხვინო“ უწოდა.
12 იანვარს „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია ამ თამაშში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ვიქტორ ოსიმენი ამჟამად აფრიკაში იმყოფება, სადაც ნიგერიის ეროვნული გუნდის ფარგლებში აფრიკის თასზე ასპარეზობს.
0
0