11/09/2023
11:29
სპორტი
სეზონის მძიმე დასაწყისის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელია მედიის ყურადღების ცენტრშია. შესაძლოა, მან მომავალ წელს „ნაპოლი“ დატოვოს, რადგან დაინტერესებული კლუბი „ბარსელონაა“ – გამოცემა El Nacional-ის გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს 2024 წელს გეგმავენ.
„ბლაუგრანამ მადრიდის „ატლეტიკოდან“ შემტევი ნახევარმცველი ჟოაუ ფელიქსი დაიმატა. თუმცა, გარიგება მხოლოდ იჯარას გულისხმობს და 23 წლის მოთამაშის ტრანსფერის გამოსყიდვა რთული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ „ატლეტიკომ“ მასში „ბენფიკას“ 126 მილიონი ევრო გადაუხადა.
სეზონის ბოლოს ფელიქსის მოსალოდნელი წასვლა ჩავის გუნდში კიდევ ერთხელ დატოვებს „ხვრელს“ მარცხენა ფლანგზე. ეზე აბდე სამუდამოდ წავიდა და „რეალ ბეტისში“ ითამაშებს. ჩავიმ ანსუ ფატი „ბრაიტონში“ გაუშვა, საიდანაც ჩანს, რომ მას არ ენდობიან.
სწორედ აქ შეუძლია დახმარება კვარაცხელიას, რომელმაც გასულ სეზონში დიდი როლი ითამაშა, „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი 33 წლის შემდეგ რომ მოიგო. ქართველი გახდა 12 გოლით და 13 პასით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ნეაპოლელების მოხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
რა თქმა უნდა, ამ ზაფხულს 22 წლის ფეხბურთელით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ, მათ შორის, „ლივერპული“, „ნიუკასლი“, „პარი სენ-ჟერმენი“. თუმცა, მინიმუმ 100 მილიონი ევრო (107 მილიონი დოლარი) იქნება საჭირო იმისათვის, რომ „ნაპოლი“ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
„ბარსელონას“ მწვრთნელი ჩავი ვარჯიშზე ჟოაო ფელიქსით აღფრთოვანებული არ არის და სანაკრებო შესვენების შემდეგ მასთან დალაპარაკება სურს. ერთი წლის შემდეგ კი კატალონიელები ბევრად უკეთეს ფინანსურ მდგომარეობას იმედოვნებენ და მოთამაშეების სარფიანად გაყიდვაზეც ფიქრობენ.
იმის გამო, რომ ლამინ იამალი ახლა რაფინიას ნელ-ნელა სასტარტო შემადგენლობიდან ავიწროვებს, შესაძლოა, ბრაზილიელი გადავიდეს საუდის არაბეთში ან პრემიერ ლიგის „ნიუკასლში“, რომელიც მანამდე ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიელებს 80 მილიონი ევროს სთავაზობდა“, – ამტკიცებს El Nacional.
0
0