22/11/2023
11:42
კონფლიქტები
ახალი ათონის მაცხოვრებთა ჯგუფი სამშაბათს საღამოს სახელმწიფო აგარაკი "ახალი ათონის" ტერიტორიაზე კერძო ინვესტორზე ქონების მიყიდვის წინააღმდეგ გასაპროტესტებლად შეიჭრა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო აგარაკის დეპარტამენტის უფროსი ბესლან კვიცინია ქონების შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
მისი თქმით, „ახალი ათონის მაცხოვრებლების ჯგუფი, რომლებიც წაქეზებული იყვნენ ჭორებით „ახალი ათონის“ აგარაკის უცნობი კერძო ინვესტორისთვის სავარაუდო მიყიდვის შესახებ ინფორმაციით, შეიჭრა სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ადგილას გალავნის მონაკვეთები მოარღვიეს და ალყა შემოარტყეს აგარაკს“.
„სახელმწიფო აგარაკი „ახალი ათონი“ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო აგარაკების მართვას ექვემდებარება. აფხაზეთის ხელმძღვანელობის მიერ სახელმწიფო აგარაკის „ახალი ათონის“ გაყიდვა ან გადაცემა არ იყო დაგეგმილი და არც იგეგმება. ინფორმაცია, რომელმაც ახალი ათონის მცხოვრებლები ჩამოთვლილი ქმედებებისკენ აიძულა, მცდარია და არ შეესაბამება რეალობას. აშკარაა, რომ ამ ფაბრიკაციის ავტორთა ძირითადი მიმართულება პროვოკაციული პოლიტიკური მოქმედების განხორციელებაა“, - ნათქვამია ბესლან კვიცინიას განცხადებაში.
მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა სახელმწიფო აგარაკი მკაცრი დაცვის ქვეშ აიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე ე.წ. ვიცეპრეზიდენტი ბადრა გუმბა, შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიმიტრი დბარი და სხვა „ოფიციალური პირები“ მივიდნენ.
როგორც ე.წ. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ნატალი სმირმა სააგენტო „აიაშარას“ განუცხადა, „ვიცე-პრეზიდენტმა“ ბადრა გუმბამ ათონის მაცხოვრებლებს გარანტია მისცა, რომ ეს ობიექტი არ გასხვისდებოდა და არ გადაეცემა კერძო პირებს საკუთრებაში ან იჯარით.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არა სახელმწიფო აგარაკის გაყიდვაზე, არამედ 13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე „ათონის მთის შესასვლელთან“.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024