30/08/2024
10:30
კონფლიქტები
ოპოზიციური აფხაზური ტელეგრამის არხი RESPUBLICA და „აფხაზური პორტალი“ იტყობინებიან, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდ ნოვაკთან განიხილა „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე „დეპუტატებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი.
კანონპროტექტი ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიეს, ის ითვალისწინებდა აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონეში აპარტამენტების მშენებლობას.
გარდა ამისა, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის ოქმის მიხედვით, რომლის ნამდვილობა არაა დადასტურებული, მოსკოვი აპირებს ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას 2024 წლის 1 სექტემბრიდან, სანამ აფხაზური მხარე შემდეგ ვალდებულებებს არ შეასრულებს:
ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
რუს ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).
დოკუმენტის იმ ნაწილში რომელშიც „დეპუტატებისთვის“ მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებაა საუბარი მითითებულია:
„გათვალისწინებული იქნას აფხაზური მხარის (ა.გ. ბჟანია) ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია სახალხო კრების - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოპოზიციის აფხაზი ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების მიზნის საზიანოდ მოქმედებენ, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით“.
გარდა ამისა, მოსკოვი აპირებს სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მოუწოდოს, მინიმუმამდე დაიყვანონ „ აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან კონტაქტი რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულებისადმი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“.
მანამდე, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ „დეპუტატს“, რომლებიც დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის შეცვლას ემხრობოდნენ.
ალექსანდ ნოვაკისა და ალსან ბჟანიას შეხვედრის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურმა ინფორმაცია 23 აგვისტოს გაავრცელა. პრესრელიზში ეწერა, რომ მხარეებმა განიხილეს „აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო ურთიერთქმედების, ენერგომომარაგების არაერთი საკითხი“.
0
0