05/04/2024
13:43
ეკონომიკა
შუა დერეფანში ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ შექმნილი ერთიანი სატრანსპორტო კომუნიკაციების კომპანიის შემადგენლობაში შესაძლოა, თურქეთიც შევიდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, სატჟან აბლალიევმა განუცხადა.
კომპანია Middle Corridor Multimodal 2023 წლის ბოლოს დარეგისტრირდა AIFC-ში (ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი).
ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ამჟამად რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს და 2024 წლის ბოლოს ეს კომპანია, სამი ქვეყნის ერთიანი სატრანსპორტო ოპერატორი შუა დერეფანში, ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას, რაც აუცილებლად დადებითად აისახება შუა დერეფნის ეფექტურობაზე.
სატჟან აბლალიევის თქმით, თურქეთის მონაწილეობა Middle Corridor Multimodal-ის მუშაობაში ლოგიკურია, რადგან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაფართოება სრულდება.
ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია შუა დერეფნისთვის, რადგან ის ეხება ტვირთების ტრანსპორტირების გაზრდას და ევროპული და ჩინური საქონლის ტრანზიტს თურქეთის გავლით.
0
0