17/05/2024
19:54
სამართალი
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს გამოკითხვაზე მასიურად იბარებს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბასილაია განმარტავს, საგამოძიებო უწყებაში მსგავსი სახის მასიური დაბარებები რამდენიმე მიზანს ემსახურება.
„რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა, ასევე ჩემი სხვა კოლეგებიდანაც ვიცი, რომ მათაც დაუკავშირდნენ - აქტიურ დემონსტრანტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო დასაკითხად იბარებს. ეს ალბათ, იმ საქმის ფარგლებში ხდება, რაც გომელაურმა დააანონსა - სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიებაო. ალბათ, ამ საქმის ფარგლებში იბარებენ ხალხს დასაკითხად.
ეს საქმე ორ მიზანს ემსახურება. პირველი, შიშის და ტერორის ატმოსფერო არ განელდეს, რაც უნდათ, რომ დანერგონ. მეორე, იმის ჩვენება ხდება, რომ დემონსტრანტებს ყოველდღიურ რუტინაში შემოეჭრებიან - არამხოლოდ აქციაზე დაგარბევთ, არამხოლოდ დაგაკავებთ, არამხოლოდ სასტიკად გაგისწორდებით, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროში მრავალსაათიან დაკითხვებზე გატარებთო. ეს საქმე და ეს დაბარებები ამის დემონსტრირებაა. ჩვენ ამის არ უნდა შეგვეშინდეს, პირიქით, სამართლებრივად შეიარაღებულები უნდა შევხვდეთ ამ საკითხს, კანონი ჩვენს მხარეზეა“, - აცხადებს ბასილაია.
ის ასევე, რეკომენდაციებს გასცემს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, თუკი, მათ საგამოძიებო ორგანოდან დაურეკავენ და გამოკითხვაზე დაიბარებენ.
„სატელეფონო ზარის, შეტყობინების საფუძველზე არსად ვცხადდებით ! (შეგიძლიათ მკაფიოდ უთხრათ, რომ არ იცით პოლიციელია, თუ ვინმე ზონდერი და ჩასაფრებას გვიპირებს); ვითხოვთ წერილობითი უწყების ჩაბარებას; მას შემდეგ, რაც უწყება გვბარდება, ვუკავშირდებით ადვოკატს; ვინაიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადება უკიდურესი საფრთხის შემცველია (პოლიციელები საჯაროდ სისტემურად სასტიკად სცემენ დემონსტრანტებს, რა გარანტიაა, რომ თავიანთ განყოფილებებში და სამინისტროს ჯურღმულებში პროვოკაციებს არ მოაწყობენ?!), საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად პოლიციელებს ვხვდებით ჩვენს სახლებში ან ადვოკატის ოფისში; ამის მოთხოვნის სრული კანონიერი უფლება გვაქვს და შესაბამისი პრაქტიკა არსებობს.
მას შემდეგ, რაც თქვენთან გამოცხადდება გამომძიებელი, თქვენ გაქვთ სრული უფლება, დააფიქსიროთ, რომ ჩვენებას მისცემთ სასამართლოს წინაშე. რის შემდეგაც პოლიცია დაგემშვიდობებათ და გამოგიძახებენ სასამართლოში; სასამართლოში როდესაც გამოცხადდებით, არ მისცეთ ჩვენება, ვინაიდან შეიძლება ყველა სიტყვა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. ამისთვისაა ეს საქმე წამოწყებული. ჩვენების მიცემაზე უარის თქმითაც ვერ შეგედავებიან, ვინაიდან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დაგიბარეს მოწმედ და საქმეზე გამოძიებაც დემონსტრაციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს“, - აცხადებს ბასილაია.
0
0