06/03/2023
13:41
კულტურა
მოუთმენლად ველოდებით ITB Berlin-ის გახსნას და გალა კონცერტს, რათა კიდევ ერთხელ ვნახოთ, რას სთავაზობს ქართული კულტურა გლობალური ტურიზმის ინდუსტრიას, – ამის შესახებ ITB Berlin-ის დირექტორმა, დებორა როთმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ტურიზმის ინდუსტრიისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია.
„დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც საქართველოში იმოგზაურებს, აუცილებლად აღმოაჩენს მისთვის საინტერესოს და განსაკუთრებულს ამ ულამაზეს ქვეყანაში. პირადად მქონდა მოგზაურობის საშუალება და საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. გასაოცარი სტუმართმოყვარეობის ტრადიცია გაქვთ. როგორც ერთი რიგითი ტურისტი და როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, აღფრთოვანებული ვარ ამ სტუმართმოყვარე ქვეყნით.
ITB Berlin ეს არის პლატფორმა მსოფლიოს სამოგზაურო ინდუსტრიაში, რომელიც 57 წელზე მეტია, ტარდება. მოხარულები ვართ, რომ საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა მონაწილეობს გამოფენაზე. ეს ძალიან მჭიდრო პარტნიორობაა. ჩვენ ერთი წელი ვემზადებოდით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მაგალითად დღეს, საღამოს გამოფენის გახსნის ცერემონია მოეწყობა, სადაც დიდი სიამოვნებით ველოდებით ქართული კულტურის წარმოჩენას ტურიზმის გლობალურ ინდუსტრიაში. საქართველოს გლობალური ტურიზმისთვის ბევრის შემოთავაზება შეუძლია. საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია, რომლის ხილვაც ყველას სურს. უნდა ეწვიოთ საქართველოს, რომ აღმოაჩინოთ, თუ რა ტურისტული შესაძლებლობები აქვს ამ მშვენიერ ქვეყანას“,- აცხადებს ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი დებორა როთი.
ITB berlin 2023 ბერლინში ოფიციალურად დღეს გაიხსნება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის. წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024