28/08/2024
18:10
სამართალი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო.
„დილით ვნახე ყველა ერთად. სახლში რემონტი ჰქონდათ, აბაზანას არემონტებდნენ. ხელოსანი ამ კაცის მეგობარი იყო. ცოლი სხვაგან იყო და სოფელში დილით ჩამოვიდა. შუადღეს ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ მეგობარი, რომელიც მათ სახლში ხელოსნად მუშაობდა, აბაზანაში გარდაცვლილი იყო. ცოლის ძებნა დავიწყეთ და ისიც სამზარეულოში იყო გარდაცვლილი. მერე გავიგეთ, რომ კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს მოკლული, ისიც ამ კაცის მეგობარი. ხშირად ეჭვიანობდა ცოლზე, არადა ისეთი კარგი გოგო იყო... ამბობენ, თავადაც თავი მოიკლაო, თუმცა ზუსტად არაფერი ვიცით. შოკში ვართ ყველა. ორი შვილი დარჩათ“, - ამბობენ ადგილობრივები.
სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, პოლიცია მუშაობს. მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, რამდენიმე დღის წინ სოფელ ახაშენში ზ.ზ-ს სახლში სუფრა ჰქონდა გაშლილი, სადაც ორმა პირმა მისი მეუღლე გემრიელი საჭმლისთვის შეაქო, ამ ფაქტმა კი ზ.ზ-ს გაღიზიანება გამოიწვია და ცოლს ყელი გამოსჭრა.
კაცი დააკავეს, თუმცა მალევე გამოუშვეს, რის შემდეგაც, ადგილობრივის თქმით, ზ.ზ.-მ დაწყებული საქმე დაასრულა და ცოლი შვილების თანდასწრებით მოკლა, მანამდე კი ე.წ. ბირჟაზე მივიდა და ზემოხსენებულ ორ კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
"სუფრა ჰქონდათ, ბევრი ხალხი იყო. ეს ცოლი კარგ საჭმელს აკეთებდა და შეაქო ორმა მამაკაცმა, ხელზეც აკოცესო, ამბობენ. იმ საღამოს მთვრალზე კაცს უეჭვიანია და ცოლს საღამოს ყელი გამოსჭრა. დაზიანებები მსუბუქი იყო და ქალი გადარჩა, კაცი კიდევ დააკავეს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს. ამის შემდეგ, ეტყობა, ამ კაცმა ვერ დაივიწყა ეს ამბავი, დაწყებული საქმე დაასრულა. არ ვიცი, რა დაემართა, ბირჟაზე მიუვარდა იმ ორ ტიპს და იარაღიდან ესროლა რამდენჯერმე. მთელი უბანი პანიკაში იყო. ამის მერე სახლში მისულა და ცოლი შვილების თანდასწრებით მოუკლავს", - ამბობს ადგილობრივი.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ ზ.ზ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გარდაცვლილ ქალს 2 შვილი დარჩა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024