17/07/2023
13:12
კულტურა
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ნინო კირთაძის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.
"ნინო კირთაძე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საერთაშორისო პროექტების მენეჯერად. 11 ივლისს, მას ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ რეორგანიზაციის პროცესში, იგეგმებოდა ხსენებული შტატგარეშე პოზიციის გაუქმება და მისი გადატანა საშტატო ერთეულად, რადგანაც ამ მიმართულების შემდგომი გაძლიერება იგეგმებოდა. ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც შეეძლებოდა მონაწილეობა.
აღნიშნულ რეალობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა ქალბატონმა ნინო კირთაძემ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობის შეწყვეტა დემარშის სახით, მისი ზოგიერთი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა.
ამის საპირისპიროდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალბატონმა ნინომ ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის გაპროტესტება რეორგანიზაციის ერთთვიანი პერიოდის დასრულების ბოლო დღეს, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა. სავარაუდოდ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღია კონკურსის წესიც, რადგან თავად ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, ბატონი გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ფაქტების დამახინჯებისა და სპეკულაციებისგან და მოერიდონ სიმართლის დამალვას". – წერია GNFC-ის ფეისბუქ გვერდზე.
15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება.
კირთაძე ფონდ ევრიმაჟსა და ევროპული კინო პრომოუშენში საქართველოს წარმომადგენელი იყო. მან განცხადება ამ პოზიციების დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება 11 ივლისს დაწერა, რაც, საბოლოოდ,13-ში დაკმაყოფილდა.
საქართველო ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ევრიმაჟი ევროსაბჭოს პროგრამაა, რომელიც ევროპის კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ამისათვის ფონდი რამდენიმე ევროპული ქვეყნის ერთობლივ კინოწარმოებას აფინანსებს და ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024