16/10/2023
08:51
სპორტი
„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ. განსაკუთრებით, როცა გოლი გაგაქვს და ამას გულშემატკივართან ერთად აღნიშნავ“ - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის:
„მინდა, მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისთვის. მიუხედავად სექტემბრის მატჩების შედეგებისა, ჩვენ მხარდასაჭერად მოვიდნენ სტადიონზე და ჩვენი სჯერათ. ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ნდობა გავამართლოთ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
22 წლის თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს და ოთხი წლის მანძილზე „ჯვაროსნებში“ ჩატარებულ 26 შეხვედრაში თავი 12 გოლით გამოიჩინა.
როგორც ცნობილია, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ კვიპროსი დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრებს „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს. შეხვედრის პირველ ნახევარში კვიპროსელებმა შეძლეს საკუთარი კარის დაცვა, მეორე ნახევარში კი საქართველოს ნაკრებმა თამაში გააუმჯობესა და მეტოქე დაამარცხა.
საქართველოს სახელით ბურთები გაიტანეს: კიტეიშვილმა, კვარაცხელიამ, შენგელიამ და მიქაუტაძემ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში 7 ქულით მეოთხე ადგილზეა და 2 შეხვედრა აქვს დარჩენილი: 16 ნოემბერს სახლში შოტლანდიასთან და 19 ნოემბერს გასვლაზე ესპანეთთან ითამაშებს.
0
0