29/07/2024
12:17
სპორტი
გავერკვევი და დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, რომ სანდროს ეს დანაკარგი რამით აუნაზღაურონ, – ამის შესახებ ქართველი მოფარიკავის, სანდრო ბაზაძის მამამ და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მერაბ ბაზაძემ პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში განაცხადა.
მერაბ ბაზაძის თქმით, სანდრო ფსიქოლოგიურად ძლიერია და მომავალში დასახულ მიზნებს მიაღწევს.
„მძიმე მდგომარეობაშია სანდრო, მე ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ ვერ დავიცავი ჩემი შვილი და სპორტსმენი. ვთხოვდი, კრიტიკულ მომენტამდე არ მიეყვანა ყველაფერი და ფსიქოლოგიურად გაძლიერებულიყო. ოლიმპიური თამაშები ფსიქოლოგიური შეჯიბრებაა. აღნიშნული სპორტსმენი სხვა ნებისმიერ ტურნირზე სანდროსთან რომ დავაყენოთ, ხუთ დარტყმას ვერ მიაყენებს და ამას მომავალში ვნახავთ კიდეც. თუმცა, მებრძოლი ბიჭია და ვფიქრობ, დაასვენებს გონებას, გააანალიზებს და მიაღწევს იმ მიზნებს, რაც მას სურდა.
საერთაშორისო ფედერაციას წერილი გავუგზავნე, ამიხსენით, აღიარეთ, რა მოხდა და არსად საჩივარს არ შევიტან-მეთქი. მითხრეს, ჯერ ოლიმპიადაზე ვმუშაობთ და მერე გიპასუხებთო. ამ საქმეს სიცოცხლის ბოლომდე ჩავყვები. პირველი ოლიმპიადა მოგებული ჰქონდა და მეორეც. ვეძებ საერთაშორისო დონის ადვოკატს, რომ ეს საქმე მივიყვანო ბოლომდე.
იმ მსაჯის გაშვება ჩვენ არაფერს გვაძლევს, რაღაც სხვა მექანიზმია მოსაძებნი. საერთაშორისო ფედერაციას არ სურს შეცვალოს ეს წესები. დარწმუნებული ვარ, მათ ბრძანება ჰქონდათ.
გავერკვევი და დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, რომ ეს დანაკარგი აუნაზღაურონ რამით. ყველა გვერდით უდგას სანდროს, ის ყველას უყვარს, რადგან კარგი ადამიანი და მაგარი სპორტსმენია. მთელ ქვეყანას მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან გვერდით დაუდგნენ ამ და წინა გაჭირვების დროს.
მას აქვს შანსი, ის ახალგაზრდაა, დიდი რეზერვიც აქვს და შეძლებს, გახდეს ფარიკაობის მესი. კიდევ უნდა დაიხვეწოს, მას ჰგონია რომ ეს ქვეყანა სამართლიანია, ვერ მიხვდა, რომ სპორტშიც ხდება სიბოროტე.
მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს თბილისში. სანდრო სასწაულებს ჩაიდენს და აჩვენებს მათ, რომ მართლები არ არიან. ვფიქრობ, ის ამ გზას აირჩევს.
თომას ბახის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი) ყურამდე უნდა მივიტანო, რომ ასეთი რამ მოხდა მეორე ოლიმპიადაზე. შევხვდები მას, ავუხსნი, რაც გაგვიკეთეს, გუნდიც მოგვიხსნეს ოლიმპიური თამაშებიდან. ფაქტები მაქვს და ყველაფერს შევაგროვებ“, – განაცხადა მერაბ ბაზაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა.
0
0