30/08/2024
15:55
სპორტი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ახალი გათამაშების შეხვედრებისთვის ორი დებიუტანტი გამოიძახა. ერთ-ერთი ყაზახური „ქაირათის“ მცველი ლუკა გადრანია, რომელმაც საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.
„ფეხბურთიდან ასეთი დიდი ემოცია ჯერ არ მიმიღია. ეს დიდი სიხარულია, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია, წარმოუდგენელი განცდაა.
რაც კარიერის დროს გადამიტანია და განმიცდია, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. იყო სიხარულიც, იმედგაცრუებაც, საუკეთესო და რთული პერიოდები. როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ტყუილად არ ჩაუვლია და მიხარია, რომ დღეს საქართველოს ნაკრების წევრი ვარ.
გუნდში ყველამ მომილოცა, რადგან ეს სადებიუტო გამოძახებაა, ყაზახეთში კი საქართველოს ნაკრებს ძალიან აფასებენ და ბევრი გულშემატკივარი ჰყავს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლუკა გადრანმა.
საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ ტურში „მიხეილ მესხის არენაზე“ ჩეხეთს დაუპირისპირდება, მეორე ტურში კი 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთს შეხვდება.
ეროვნული გუნდი მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 2 სექტემბერს დაიწყებს. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.
0
0