01/12/2023
20:24
კონფლიქტები
ჩემი მხრიდან ეს აბსოლუტურად სპონტანური იყო და ამის უკან არაფერი იმალება, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელმა წევრმა, ვახტანგ ყოლბაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან, სერგეი შამბასთან ონლაინ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან სერგეი შამბასთან საუბარი აბსოლუტურად სპონტანური იყო, ეს საუბარი შემთხვევითი მაინც არ ყოფილა, რადგან სერგეი შამბა მასთან საუბარს საკმაოდ გავლენიანი აფხაზი ჟურნალისტის მეშვეობით დათანხმდა.
„სოხუმში დაწერეს, რომ შამბა ალბათ, კარასინის დავალებით მოქმედებს, ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მომენტი არსებობდეს. შემთხვევითი არ არის ის, რომ სერგეი შამბა დათანხმდა ჩემთან საუბარს, თან ისეთ ჟურნალისტის მეშვეობით, რომელიც გავლენიანია იქ. არის ასეთი ჟურნალისტი, იზიდა ჭანია, რომელიც როგორც მითხრა ჩოკორაიამ, ის იყო ამ ურთიერთობის შუამავალი.
ეს იყო სპონტანური შეხვედრა. ამის უკან არაფერი არ დევს ჩემი მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი 15-20 წუთიანი საუბრით საქართველოს პოლიტიკა არ შეიცვლება. არის ჟენევის ფორმატი და ვარგა თუ არ ვარგა ამის იქით ჯერ არაფერი არ ხდება.
მე არ ვარ გუშინ მოსული პოლიტიკოსი. დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ და ყოველთვის სახელმწიფოებრივად ვაზროვნებდი. ვიცი სად არის წითელი ხაზები, სახელმწიფოს უშიშროება სად იწყება, სად მთავრდება, სად არის სახელმწიფოებრივი ინტერესები და წითელი ხაზების გადასვლამ რა შეიძლება მოიტანოს. მე არავისთან შემითანხმებია და არც ვაპირებ შეთანხმებას“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ვახტანგ ყოლბაიამ გადაცემა „რეზიუმეში“ ონლაინ-შეხვედრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი აფხაზი ჟურნალისტი იყო.
„30 წელია არ შევხმიანებივარ არცერთ აფხაზ პოლიტიკოსს. რაც შეეხება შამბას, ჩვენ ერთად ვიყავით უმაღლეს საბჭოში 1991-1992 წლებში, სანამ ომი დაიწყებოდა. ის იყო კომიტეტის თავმჯდომარე, მე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ხშირი ურთიერთობა გვიხდებოდა, როგორც დეპუტატებს და მაინც და მაინც კარგი დამოკიდებულება ჩვენ არ გვქონდა.
ამ დღეებში მე დამიკავშირდა ჟურნალისტი, გვარად ჩოკორაია, აფხაზეთიდან. ჟურნალისტი ვარ და მაქვს საშუალება დაგალაპარაკოთ აფხაზს და თქვენ დაელაპარაკებით თუ არაო? მითხრა რომ შამბასთან დაგალაპარაკებო. მე ვუთხარი, რომ ჯერ შამბას კითხეთ, უნდა თუ არა ჩემთან საუბარი. სიმართლე გითხრათ, მე არ ველოდი, რომ შამბა დათანხმდებოდა, მაგრამ დათანხმდა, მე კი უკვე უარს ვერ ვეტყოდი“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ცნობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა ორი დღის წინ გაიმართა.
0
0