01/09/2023
14:52
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია გალის რაიონში ენგურჰესის კომპლექსის საქმიანობას გაეცნო.
მან მოინახულა ჰესი-1, ამ სადგურის ტურბინების დარბაზი და კაშხალი, ენგურჰესის მიწისქვეშა ტურბინების დარბაზი და მისი მთავარი მართვის პანელი.
ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ, ბჟანიამ განაცხადა, რომ „წელს შარშანდელზე ბევრად უკეთესი მდგომარეობაა“.
„მიუხედავად ამისა, შემოდგომაზე წყალი არ იქნება საკმარისი და შესაბამისად, დენის უზრუნველსაყოფად რუსეთის ხელმძღვანელობას უნდა მივმართოთ. ეს საკითხები უკვე განხილული უნდა იყოს ამ ეტაპზე, რათა ვიცოდეთ რა მოცულობები უნდა მოვითხოვოთ“ - განაცხადა ბჟანიამ.
მან აღნიშნა, რომ მსგავსი სიტუაციები „ბევრ მეზობელ სახელმწიფოს შეექმნა".
„საქართველოში იყო დრო, როცა 5,7,10 საათი ითიშებოდნენ. არის ეკონომიკური მიდგომები, უკვე დანერგილია და ჩვენ დაგვჭირდება ამ გზით სვლა. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა მან.
ბჟანიას თქმით, ნებისმიერი სხვა საუბარი ამ თემაზე „ექსკლუზიურად პოპულისტური ხასიათისაა". მისი თქმით, ნებისმიერი საქონლის გამომუშავება და მომხმარებლამდე მიწოდება ფული ღირს.
„ეს თანხა გადასახდელია ისევე, როგორც ჩვენ ვიხდით ფულს პურში, ფქვილში, მობილურ ტელეფონებსა და სხვა საქონელში, რომელსაც ვიყენებთ. ელექტროენერგია არის იგივე საქონელი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. მისი ღირებულება პირველია, მეორე არის მწარმოებელი, ვინც ამ ელექტროენერგიას აწვდის, ხარჯის გარდა, მოგების მარჟა მაინც უნდა ჰქონდეს, თორემ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს. ჩვენი ელექტროენერგეტიკა პოლიტიკას ექვემდებარებოდა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს არის ეკონომიკის დარგი. ჩვენ უნდა გავითავისოთ და შევიგნოთ” - აღნიშნა ასლან ბჟანიამ.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024