22/03/2022
11:54
„გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე, თქვენზეც .... სისხლით ნაშოვნ ვაქცინას ადამიანების დაცვა შეეძლო, ხვეწნის მიუხედავად მაინც არ აიცრნენ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, 400 ათასამდე ფაიზერის ვაქცინა 31 მარტამდე აუთვისებელი რჩება.
„დღეის რიცხვით დახარჯულია დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასამდე დოზა ფაიზერი ანუ სადღაც 400 ათას დოზამდე სამწუხაროდ, რომელსაც ვადა აქვს 31 მარტამდე, აუთვისებელი რჩება. ათვისებულია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკის დონაცია, რომელიც პირველი შემოვიდა ივლისში და სრულად იქნა აგვისტო-სექტემბერში ათვისებული.
აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 23 000 გვქონდა აგვისტოში ცოტა მეტი და 20 000 გვქონდა სექტემბერში. ასევე, სრულად იქნა ათვისებული, რაც ბიუჯეტით იქნა ნაყიდი. დანარჩენი დონაციები შედარებით მოგვიანებით შემოვიდა.
პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემ თავზეც, ასევე, გაბრაზებული ვარ სამწუხაროდ თქვენზეც, ვინც არ აცრილა და ასაცრელად არ მივიდა, რომ ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინა, რომელსაც შეეძლო ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა მიუხედავად ბევრი საუბრისა, ხვეწნისა, ადამიანები არ მოვიდნენ და არ აიცრნენ.
დანარჩენი სხვა ვაქცინები, დაახლოებით 2 მილიონი დოზა „სინოფარმი“ და სინოვაკი გვაქვს. მათ ვადა აქვს 2023 წლის ივლისამდე“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
0
0