02/04/2023
22:44
2012 წელს მე მომიწია დამეთმო ჩემი წილები, ეს იყო მოთხოვნა ახალი მოსული მთავრობის მხრიდან - უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან მე არასდროს არ მქონია კონტაქტი და არც შეხება, არც ურთიერთობა
"სამწუხაროდ 2012 წელს მე მომიწია დამეთმო ჩემი წილები, ეს იყო მოთხოვნა ახალი მოსული მთავრობის მხრიდან და დამეტოვებინა საქართველო. მე ასე მოვიქეცი დავთმე ჩემი წილები პარტნიორების სასარგებლოდ და გავედი საქართველოდან. შესაბამისად დღეს მე საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს, ერთადერთი აქტივი რაც მაქვს არის ფორმულა და ბოლო 10 წელია ვმუშაობ საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში. ძირითადად 2 სფეროს მიმართულებით - ეს არის ტექნოლოგიები და უძრავი ქონება. [ეს სფეროები] კონცენტრირებულია რამდენიმე ქვეყანაში, ახლა არ დავასახელებ არც ქვეყნებს და არც კომპანიებს, იმიტომ რომ როგორც კი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იგებენ - სად, რას ვშვრები, ისინი არ აკლებენ მცდელობას მოვიდნენ იქ და შექმნან მაქსიმალური პრობლემები.
***
პირველი კონტაქტი, კონტაქტს ვერც დავარქმევ, პირველი შემოთვლა ოცნების პარტიიდან ჯერ კიდევ მაშინ, ეს არჩევნებამდე იყო, დაახლოებით 10 დღით ადრე. არ ვიცი, რამდენად რეალური იყო, ვისგან მოდიოდა ან ვისგან არ მოდიოდა, თუ თვითნებურად იყო ეს, ვერ გეტყვით. მაგრამ ერთ-ერთმა მასთან დაახლოებულმა პირმა შემომითვალა, რომ არჩევნების შემდეგ, მე მომიწევდა ქვეყნიდან წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე აუცილებლად დამიჭერდნენ. პირველად, როცა ეს გავიგე, სერიოზულად არ აღმიქვამს, სიმართლე რომ გითხრათ, თუმცა არჩევნები რომ მორჩა და მათ გაიმარჯვეს, ეს შემოთვლები, ასე ვთქვათ, გახშირდა და მიიღო უფრო სერიოზული სახე. და მე 7 ოქტომბერს მივიღე გადაწყვეტილება და ოჯახთან ერთად წავედი საქართველოდან. ამის შემდეგ, იყო კი რამდენიმე კონტაქტი, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან მე არასდროს არ მქონია კონტაქტი და არც შეხება, არც ურთიერთობა. თუმცა, მასთან დაახლოებული ადამიანები, მე სახელებს და გვარებს ახლა არ ვიტყვი განგებ, ზოგი ახლაც არის, ზოგი აღარ არის ბიძინა ივანიშვილთან. გამოდიოდნენ ხაზზე, ჩემი პარტნიორების მეშვეობით. ერთ-ერთი მათგანი იყო ოქტომბერ-ნოემბერში, როდესაც მე დამიკავშირდნენ ჩემი პარტნიორები და თქვეს, რომ მთავრობის მოთხოვნაა, დავტოვო ბიზნესები საქართველოში ყველა, გადავცე და დავთმო წილები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემ წინააღმდეგ დაიწყებოდა სამართლებრივი დევნა. ცოტა ვიფიქრე ამაზე, ვიმსჯელე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს იყო სწორი. სწორი იყო როგორც ჩემთვის, ისევე ჩემი პარნიორებისთვის, რადგან მათაც შეექმნებოდათ პრობლემა. მე გადავეცი ჩემი ინტერესები საქართველოში ამ ადამიანებს და ამის შემდეგ, მივიღე კიდევ ერთი მოთხოვნა. ეს მოთხოვნა იყო, რომ მე არ უნდა ჩავრეულიყავი არც ერთი ფორმით ქართულ პოლიტიკაში, რაზეც მე ვთქვი, რომ ისედაც არ ვერეოდი ქართულ პოლიტიკაში, 2008 წლიდან წასული ვიყავი, თუმცა რა თქმა უნდა, მყავდა უამრავი მეგობარი, რომელიც პოლიტიკოსია", განაცხადა კეზერაშვილმა.
0
0