27/01/2025
13:41
პოლიტიკა
ამ წუთებში ვიწყებ შეხვედრებს სტრასბურგში - ჩვენ თქვენს სათქმელს ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან აუცილებლად მივიტანთ, ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სტრასბურგში განაცხადა.
მისი თქმით, მას საუბარი ექნება ერთადერთ გამოსავალზე, რაც „პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების, რაც შეიძლება სწრაფად დანიშვნაა“.
„ამ წუთებში ვიწყებ შეხვედრებს სტრასბურგში, მთელი ევროპის მასშტაბით, ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლებთან. ჩვენ გვექნება მოხსენება „ალდეს“ ფრაქციაზე, სადაც ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, გაყალბებულ არჩევნებზე, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებაზე, ცემაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე, რასაც „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან აქვს ადგილი. რაც მთავარია, ვისაუბრებთ გამოსავალზე, რომელიც ერთადერთი არის პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და არჩევნების, რაც შეიძლება, სწრაფად დანიშვნა, რათა ეს უმძიმესი, კოლაფსური კრიზისი, სადამდეც ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა მიიყვანეს, დამშვიდდეს, დაწყნარდეს და საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული სვლა ევროპული მიმართულებით. ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია. ჩვენ თქვენს სათქმელს აუცილებლად მივიტანთ ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან“,- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის” ინფორმაციით, ქართული ოპოზიციის ლიდერები სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე, PACE-ს ხელმძღვანელობის სპეციალური მიწვევით არიან მიწვეულები. ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვედრები, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთანაც ექნებათ.
0
0