07/02/2025
10:58
მსოფლიო
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომელთა ჯგუფი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰუმანიტარული სააგენტოს 60-წლიანი საქმიანობის შეჩერების გამო უჩივის. როგორც CNN-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა, სააგენტოში 300-ზე ნაკლები თანამშრომელი, როგორც ძირითადი პერსონალი, დარჩება, ხოლო დანარჩენს [10 000-მდე თანამშრომელი] განუსაზღვრელი ვადით შვებულებაში გაუშვებენ ან გაათავისუფლებენ.
სარჩელი ასევე ეხება ადმინისტრაციის მიერ თითქმის ყველა უცხოური დახმარების გაყინვას - ნაბიჯი, რომელმაც შეაჩერა კრიტიკული ჰუმანიტარული საქმიანობა მთელს მსოფლიოში და გამოიწვია ათასობით კონტრაქტორის სამსახურიდან გათავისუფლება. ეს პირველი სარჩელია, რომელიც შეტანილია USAID-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების პროტესტის ნიშნად.
დონალდ ტრამპის, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და მისი სახაზინო დეპარტამენტის მდივნის სკოტ ბესენტისა და მათი სააგენტოების მიმართ შეტანილი სარჩელის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი არღვევს თავის უფლებამოსილებას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ და ფედერალურ კანონს.
შრომითი ჯგუფების ადვოკატები სასამართლოს სთხოვენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას USAID-ის დახურვისთვის მიღებული ზომების გაუქმება დაავალოს და, სასამართლო პროცესის ფარგლებში, „შეაჩეროს სააგენტოს დასაშლელად მიმართული ყოველგვარი შემდგომი ნაბიჯი“.
0
0