29/11/2023
14:16
მსოფლიო
„უკრაინას ახალი მტერი ჰყავს - დასავლეთში ომისგან დაღლილობა“ - ამ სათაურით სტატიას გავლენიანი გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკვე 600-ზე მეტი დღეა გასული და ამ დროის განმავლობაში უკრაინის მთავარი მხსნელი ამერიკა იყო, რომელმაც უკრაინას იარაღი და ფული გამოუყო, რათა ქვეყანას რუსეთის შეჭრასთან გამკლავებაში დახმარებოდა, ახლა კი ამერიკა უკრაინის ერთ-ერთი მთავარი წუხილია, ვინაიდან ამერიკული დახმარება იწურება, ხოლო დისფუნქცია კონგრესში ახალი დახმარების გამოყოფას ბლოკავს და არავინ იცის, როდის აღდგება დახმარება, ან საერთოდ მოხდება ეს თუ არა.
„გაზაფხულზე სამხედრო დახმარება მდინარესავით მოდიოდა, ზაფხულში ის ნაკადულად იქცა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე ცრემლი დარჩა“, - ამბობს გამოცემის წყარო.
უკრაინა ზამთარს დიდი გაურკვევლობის ფონზე ხვდება: კონტრიერიში წარუმატებელი აღმოჩნდა, მოწინააღმდეგე სამხედრო მრეწველობის მასშტაბებს ზრდის, კიევის მთავარი მოკავშირე კი პარალიზებულია პოლიტიკური არეულობის გამო და ყურადღება ღაზაში ისრაელის ომზე აქვს გადატანილი.
20 ნოემბერს კიევში ჩავიდა აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და განაცხადა, რომ აშშ დაეხმარება უკრაინას „ახლაც და მომავალში“. თუმცა ოსტინმა იცის, რომ ძალაუფლება კონგრესის ხელშია, იქ კი, განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატაში, მართვის სადავეები „რესპუბლიკური პარტიის“ იზოლაციონისტური ფრთის ხელშია.
რაც უფრო ფერხდება უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა, მით უფრო უახლოვდება წინასაარჩევო ციებ-ცხელება. კონგრესმენები ამბობენ, რომ თუ შობამდე შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ამ საკითხის განხილვა შესაძლოა 2024 წლის ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადაიდოს; ხოლო თუ არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს, ეს საკითხი შეიძლება საერთოდ დაიხუროს.
უკრაინელი ოფიციალური პირები საჯაროდ უარყოფენ იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკის დახმარება შეიძლება შეწყდეს. „მე არ მჯერა, რომ ეს მოხდება“, - ამბობს ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი.
„არტილერიის ომში უკრაინა „ჭურვების შიმშილს“ განიცდის“, - აცხადებს ექსპერტი მაიკლ კოფმანი. მისი თქმით, ზაფხულში უკრაინა საშუალოდ თვეში მსხვილი კალიბრის 220-240 ათასს ჭურვს იყენებდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 80-90 ათასამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვის კი აღემატება აშშ-ის (28 000 ჭურვი თვეში) და ევროპული ქვეყნების (25 000 ჭურვი თვეში) წარმოების სიმძლავრეებს“, - წერს გამოცემა The Economist-ი.
0
0