27/01/2025
13:46
მსოფლიო
შვიდი დღეა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი დიპლომატიურ თამაშს აწარმოებენ და განცხადებებსა და მინიშნებებს ერთმანეთში ცვლიან იმის შესახებ, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მათი პირადი შეხვედრაა საჭირო, სავარაუდოდ, უკრაინული მხარის მონაწილეობის გარეშე. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.
ტრამპსა და პუტინს შორის ურთიერთობები, რომელიც ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მრავალი სპეკულაციის საგანი იყო, კვლავ ყურადღების ცენტრშია. თუმცა ამჯერად, სიტუაციას სხვა კონტექსტი აქვს.
როგორც ამერიკული გამოცემა იუწყება, გასულ კვირას ტრამპი მკაცრი იყო და ამბობდა, რომ პუტინი რუსეთს ანადგურებს. ის მას სანქციებითა და გადასახადების დაწესებით ემუქრებოდა, თუ რუსეთის მოლაპარაკებებს არ დათანხმდებოდა.
პუტინი, თავის მხრივ, წყნარი და ფრთხილი იყო. ის დაეთანხმა ტრამპს იმაში, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. პუტინმა აგრეთვე დაადასტურა, რომ მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები და აღადგინოს დიალოგი ორ სახელმწიფოს შორის.
The New York Times-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სატელეფონო საუბარი „უახლოეს მომავალში შედგება“. ამასთან, ორივე მხარე აგზავნის სიგნალებს, რომ მოლაპარაკებებმა, შესაძლოა, არა მხოლოდ უკრაინა, არამედ სხვა გლობალური პრობლემებიც მოიცვას. კერძოდ, შესაძლოა, საუბარი შეეხოს ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებების განახლებას. აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ წელს იწურება.
როგორც ჩანს, ტრამპი მშვიდობისმყოფელის როლის მორგებას ცდილობს, წერს გამოცემა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უდიდესი ომის დასრულება ტრამპის დიდ მიღწევადს ჩაითვლება, და მას ამ ფაქტორის გამოყენება მის პოლიტიკურ კარიერაში შეეძლება.
ამასთან ერთად, მისი წინამორბედისგან, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, რომელიც პრინციპს „არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“ ემხრობოდა, ტრამპი, როგორც ჩანს, უკრაინის როლს ამ პროცესში არ ითვალისწინებს.
0
0