07/02/2025
11:27
სამართალი
![main-img](https://spnews.io/storage/files/sasamartlo(2).png)
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.
პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
როგორც პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილ ოქმში იყო აღნიშნული, სააკაშვილი სხდომაზე დასწრებაზე უარს აცხადებდა და მის ინტერესებს მისი ადვოკატი დაიცავდა.
საქმე დასკვნით ეტაპზეა და დღეს დასკვნით სიტყვას თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია წარმოთქვამს.
საქმეში მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველად გიორგი ჩალაძე ჩაერთო, მან სხდომის გადადებაზე იშუამდგომლა, რადგან, მისივე განმარტებით, საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებოდა.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ჩალაძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კოჭლამაზაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შეცვლა უკვე რამდენჯერმე მოხდა. მისივე თქმით, გიორგი ჩალაძე მეშვიდე ადვოკატია, ვინც სააკაშვილის ინტერესების დაიცავს.
მოსამართლის განმარტებით, ახალი ადვოკატი საქმეში მაშინ ჩაერთო, როცა საქმე დასკვნით ეტაპზეა და ადვოკატს მთელი წლების განმავლობაში გამოკვლეული მტკიცებულებების მოსმენა მოუწევს.
ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, ეს ფაქტი სასამართლოს ეჭვს უჩენს, რომ ეს ფაქტი პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. მისივე თქმით, მან დღეს გაიგო, რომ სააკაშვილმა ადვოკატი აიცილა.
მოსამართლემ არ გამორიცხა, რომ ბრალდებულმა შემდეგ სხდომაზე გიორგი ჩალაძეც შეიძლება აიცილოს, ამიტომ რისკი დაზღვეული რომ იყოს, მესამე პრეზიდენტს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება.
ადვოკატ გიორგი ჩალაძის თქმით, ის არ აპირებს საქმეს ჩამოსცილდეს, ამიტომ საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა საჭირო არ იყო.
მოსამართლემ აღნიშნულის პასუხად განაცხადა, რომ სახელმწიფო წესით ადვოკატის დანიშვნა საქმეს ზიანს არ მიაყენებს, შესაბამისად, ჩალაძეს ამაზე არ უნდა ენერვიულა და ემუშავა საქმის მასალების გაცნობაზე.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
0
0