12/05/2022
18:02
პოლიტიკა
საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი იმისთვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს და ასევე გახდეს უფრო ძლიერი და უკეთ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვინიკოვმა სტრატეგია „აღმაშენებლის” და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს შეხვედრა გაიმართა ჩემი გაცნობითი შეხვედრების ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების წრეების წარმომადგენლებთან. ეს ჩემთვის არის კარგი შესაძლებლობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან მოვისმინო ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, როგორ უყურებენ ისინი რეგიონის უსაფრთხოებას, როგორ უყურებენ უსაფრთხოებას უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ.
საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი რჩება და ნატო მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურად, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც ახლა, ახალ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ასევე ნატო საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას უწევს და საქართველოსთვის ხელმისაწვდომია პროგრამების ფართო სპექტრი, იმისთვის, რომ რეფორმების დღის წესრიგში მხარდაჭერა ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის შემდგომი ტრანსფორმაციისთვის, ასევე სხვა სექტორებში, რომლებსაც მოკავშირეები თვალყურს ადევნებენ, მათ შორის სასამართლო რეფორმასა და საარჩევნო რეფორმას,“- აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.
კითხვაზე, როგორია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები ნატო-ს გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, ალექსანდრ ვინიკოვმა ასე უპასუხა: „საქართველო ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. საქართველოს აქვს ნატო-საქართველოს არსებითი უნიკალური პაკეტი, რომელიც ნატო-ს არცერთ სხვა პარტნიორს არ აქვს. ჩვენ ასევე გვაქვს ადგილზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკურ დიალოგს და ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარების თანამშრომლობას. ამგვარად, საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი იმისთვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს და ასევე გახდეს უფრო ძლიერი და უკეთ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან გამოწვეული კრიზისი ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ნატო მის მთავარ პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა. ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს ღია კარის პოლიტიკა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა გადაწყვიტა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ამ გზაზე წარმატების მისაღწევად, რა თქმა უნდა საქართველომ წარმატებას უნდა მიაღწიოს და დააჩქაროს ევროატლანტიკური რეფორმები. ორი კვირის წინ აქ იმყოფებოდა გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ბატონი კოლომინა, რომელმაც გაიმეორა გზავნილი, რომ მოკავშირეები საქართველოსგან ამ რეფორმების განხორციელების დაჩქარებას ელიან, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომელიც ვახსენე: სასამართლო, საარჩევნო და უსაფრთხოების სფეროები. ეს არის ის კონკრეტული რამ, რაზედაც საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა, სამოქალაქო საზოგადოებამ ძალები უნდა გააერთიანონ და ერთად იმუშაონ, რადგან ეს ქვეყანას გააძლიერებს და უკეთ მოამზადებს ნატო-ს წევრობისთვის,“- აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.
0
0