04/02/2025
17:54
საზოგადოება
სახალხო დამცველი „ქართული ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს“.
ომბუდსმენის განცხადებით, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა საშუალებას ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში და შესაბამისი გაანალიზებისა და საფუძვლიანი განხილვების გარეშე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცვლილებების მიღება აზიანებს, როგორც თავად საკანონმდებლო პროცესს, ასევე, ქმნის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს.
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით.
„როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხილვა. კერძოდ, ცვლილებები შედის: შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში.
წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა შეკრების და მანიფესტაციების გამართვის დროს შეკრების მონაწილეებისათვის სხვადასხვა აკრძალვების დადგენა, მათ შორის, შეკრების ადგილის, შეკრების ატრიბუტიკის თუ ფორმების ნაწილში; შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეკრებების აკრძალვის თუ შეწყვეტის დროს რიგი უფლებამოსილებების მინიჭება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით ხდება, როგორც მთელი რიგი დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დამძიმება, ასევე ცვლილებები ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესებს და სასამართლოში საქმეთა განხილვისას პროცედურულ გარანტიებს. სანქციების დამძიმებასთან ერთად, როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებებს ემატება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებების ჩადენისათვის პასუხისმგებლობა.
სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს.
სახალხო დამცველი წლებია საუბრობს როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი ნორმების ხარვეზებსა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. თუმცა, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა საშუალებას ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში. შესაბამისი გაანალიზებისა და საფუძვლიანი განხილვების გარეშე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცვლილებების მიღება აზიანებს, როგორც თავად საკანონმდებლო პროცესს, ასევე ქმნის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს - არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. კერძოდ, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.
უფრო კონკრეტულად: მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება; წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, მდინარაძის თქმით, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით; იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და იქნება 5 წლიდან 6 წლამდე; ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში; სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც; სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც.
0
0