19/12/2024
12:53
მსოფლიო
როგორც Economictimes-ი წერს, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს რადიოლოგიის სამედიცინო კვლევის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კაპრინმა განაცხადა, რომ რუსეთმა კიბოს საწინააღმდეგო ახალი mRNA ვაქცინა შეიმუშავა.
ვაქცინა 2025 წლის დასაწყისიდან პაციენტებისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
,,პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა სიმსივნის ზრდას და კიბოს გავრცელებას აფერხებს. ის პოტენციურ მეტასტაზებს ანადგურებს,“ - თქვა რუსეთის ფედერაციის ეროვნული კვლევის ცენტრის Gamaleya-ს დირექტორმა ალექსანდრე გინცბურგმა.
გინცბურგმა ასევე განიხილა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი კიბოს საწინააღმდეგო პერსონალიზებული ვაქცინების შექმნასთან დაკავშირებით.
„[პერსონალიზებული ვაქცინების] შექმნას ახლა საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რადგან, მათემატიკური თვალსაზრისით, აუცილებელია მატრიცის მეთოდების გამოყენება იმის დასადგენად, თუ როგორი უნდა იყოს ვაქცინა, ან შესაბამისად მოდიფიცრებული mRNA. ამ პროცესში, კერძოდ, ნერვული ქსელის გამოთვლაში, ივანიკოვის ინსტიტუტი ჩავრთეთ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს დაეყრდნობა. აღნიშნულ პროცედურებს ნახევარი ან ერთ საათამდე დასჭირდება,“ - განმარტა გინცბურგმა.
როგორც Economictimes-ი წერს, ტრადიციულად, ვაქცინები დასუსტებული ან ინაქტივირებული ვირუსის (ან სხვა პათოგენის) ორგანიზმში შეყვანით იმუნური რეაქციის გასააქტიურებლად მუშაობენ. mRNA ვაქცინა კი სხეულის უჯრედებთან გენეტიკური ინსტრუქციების გაგზავნით ფუნქციონირებს, რის შედეგადაც, სხეულის უჯრედები გამოიმუშავებს კიბოს სპეციფიკურ პროტეინს, რომელიც ცნობილია როგორც ანტიგენი. ეს პროცესი ეხმარება იმუნურ სისტემას ამოიცნოს ცილა და შექმნას ანტისხეულები მის გასანადგურებლად. როდესაც სიმსივნურ უჯრედებზე იგივე ანტიგენები ვლინდება, იმუნური სისტემა სიმსივნური წარმონაქმნის განადგურებას იწყებს.
კიბოს საწინააღმდეგო პერსონალიზებული mRNA ვაქცინის წარმოებას, ჩვეულებრივ, ორი თვე სჭირდება. mRNA ვაქცინებს, რუსეთის გარდა, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ბევრი კომპანია ამზადებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ასეთ ვაქცინებს ამზადებს Moderna, Merck-ი, BioNTech-ი და CureVac-ი.
0
0