31/01/2025
11:38
მსოფლიო
კვინზლენდის პოლიციამ 34 წლის ავსტრალიელი ინფლუენსერი დააკავა, რომელმაც, ფულადი შემოწირულობების მიღებისა და ონლაინ მიმდევრების რაოდენობის გაზრდის მიზნით, თავისი 1 წლის გოგონა მოწამლა.
ქალის განცხადებით, ის სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებდა შვილის შესახებ, რომელიც განუკურნებელ დაავადებას ებრძოდა, თუმცა დეტექტივების მტკიცებით, ის ბავშვს ნარკოტიკის მიღებას აიძულებდა და შემდეგ ვიდეოს უღებდა, სადაც ჩანდა, რომ "გოგონა დაავადების გამო მძიმე ტკივილს განიცდიდა".
ექიმებმა ბავშვის მდგომარეობა საგანგაშოდ შეაფასეს, როდესაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რამდენიმე-თვიანი გამოძიების შემდეგ, კვინზლენდის პოლიციამ ქალს ბრალი წაუყენა ბავშვის წამებაში, მისთვის საწამლავის იძულებით მოხმარებაში, ბავშვის ექსპლუატაციის შესახებ მასალის მომზადებასა და თაღლითობაში. ის ბრისბენის სასამართლოს წინაშე წარსდგება.
კვინზლენდის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორის პოლ დალტონის ინფორმაციით, ქალმა ბავშვს რამდენიმე მედიკამენტი ექიმის თანხმობის გარეშე მიაღებინა. პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გოგონა საავადმყოფოში მძიმე ემოციური და ფიზიკური ტკივილების სიმპტომებით გადაიყვანეს. ამჟამად, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
0
0