07/02/2025
10:11
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/GALDAVAAA.png)
დაპირისპირებაა ოპოზიციურ სპექტრში. ამჯერად კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" გახარიას პარტიას უპირისპირდება. საუბარია, "გახარია ნიუს საქართველოსთვის" ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ბანერებზე, სადაც 49 ოპოზიციონერი დეპუტატი მოხსენიებულია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებად და პარლამენტიდან გაძევებულებად.
გახარიას პარტიაში განმარტავენ, რომ ეს არ არის მათი ოფიციალური გვერდი და მას მათი მხარდამჭერები მართავენ, ოპოზიციური პარტიების აღშფოთებას კი არასერიოზულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ქვეყანა სხვა გამოწვევების წინაშე დგას.
"ჩვენ ოფიციალურ გვერდზე არ იდო ეს, ეს ყო ჩვენი მხარდამჭერის მიერ შექმნილი გვერდი, სადაც გავრცელდა პასუხი "ოცნების" პროპაგანდისთვის, სადაც ეწერა, რომ ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს წარმოადგენენ "ქართულ ოცნებას". რაც შეეხება იმას, რაც ოპოზიციური ფლანგის სხვა პარტიებისგან ხდება ჩვენი მისამართით, ცოტა არასერიოზულია, ვისაუბროთ რაღაც ქარდებზე და ამ სპეკულაციებში შევიდეთ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი გამოწვევები," - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის ლანა გალდავას განცხადებით კი, პარტიას "გახარია საქართველოსთვის" ბოდიში აქვს მოსახდელი.
"ცხადია, მათ აქვთ ბოდიში მოსახდელი. ის, ვინც არ ცდილობს ერთობას, არის პირდაპირ მოთამაშე "ქართული ოცნების" თამაშით და პირდაპირ გეტყვით, რომ არსებობს "ნაციონალური მოძრაობა", არსებობს "ქართული ოცნება" და არსებობს "ლელო ძლიერი საქართველო" სხვა პოლიტიკური აქტორი თუ სხვა თემებით შემოდის, არ უჭერს მხარს ერთობას, ან რაღაც მექანიზმებით მისი ქმედებები ემსახურება "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციას პარლამენტში, ცხადია ამ ყველაფერს ექნება მძიმე შეფასებები," - აცხადებს ლანა გალდავა.
0
0