27/01/2025
20:40
პოლიტიკა
ოჯახური ღირებულებები და ბანალური ჭეშმარიტება, რომ არსებობს ორი სქესი, ვინმეს თუ ხელს უშლის ბრიუსელში, არ ვიცი, იმედია, ამერიკას არ გაუუქმებენ უვიზო მიმოსვლას ამ მიზეზიდან გამომდინარე, – ამის შესახებ სააქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის არის აბსოლუტურად არაფრისმოქმედი გადაწყვეტილება, რომელიც თავისი დატვირთვით სიმბოლურია.
„რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ საბაბი, სინამდვილეში, ამის უკან დგას საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური დასჯის სურვილი, იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაჰყვა ზოგიერთი ხელისუფლების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის კამპანიას, რომელიც გაჩაღებული ჰქონდათ საქართველოში მიტინგებზე გამოსვლით, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ხმა მისცა ზუსტადაც რომ პატრიოტულ ძალას საქართველოში, „ქართულ ოცნებას“. ამისთვის უნდათ, რაღაცნაირად დაგვსაჯონ, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა გაერკვა შინაარსშიც, რომ არის აბსოლუტურად არაფრისმოქმედი გადაწყვეტილება, რომელიც თავისი დატვირთვით სიმბოლურია.
უნდა ვიცოდეთ, რამდენად ფარისევლურია ეს გადაწყვეტილება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ე.წ. დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში მოქმედებს 2010 წლიდან. დემოკრატიის უკუსვლაზე რომ არის ახლა საუბარი, თითქოს შეჩერება მოხდა დემოკრატიის უკუსვლის გამო, 2010 წელს მიიღეს ეს გადაწყვეტილება. გავიხსენოთ, რა ხდებოდა 2010 წელს, ეს არის პერიოდი, როდესაც გირგვლიანის მკვლელობა უკვე მომხდარია, როდესაც „იმედი“ უკვე დახურულია, როდესაც „რუსთავი 2“, თუ სხვა ტელევიზიები უკვე მისაკუთრებული აქვთ, როდესაც ბიზნესის რეკეტი მიდის, როდესაც ღამე ნოტარიუსებთან იბარებენ ბიზნესს და ართმევენ წილებს, როდესაც არჩევნები გაყალბდა – 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ამ წლებში ევროკავშირმა სააკაშვილის ჩინოვნიკებს უვიზო მიმოსვლა მისცა, 2010 წელს.
ახლა ეს ჩინოვნიკები დემოკრატიასთან დაკავშირებით პრეტენზიებს აყენებენ? მაშინ, როდესაც სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს, რეჟიმის ჩინოვნიკებს და ხელმძღვანელებს მისცა უვიზო მიმოსვლა, მოსახლეობისთვის არაფერი არ მოუცია მაშინ ევროკავშირს. ჩვენ 7 წელი, საქართველოს მოსახლეობა ჩვეულებრივად ვიზებით დავდიოდით ევროკავშირში, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ არ მიაღწია საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლას. ევროკავშირმა და ბრიუსელმა რეკეტიორ, ავტორიტარულ, ბიზნესის წამრთმევ და ადამიანის მწამებელ რეჟიმის ხელმძღვანელებს მისცა უვიზო რეჟიმი 2010 წელს და საქართველოს მოსახლეობას არაფერი არ მისცა მაშინ. მოლაპარაკებებიც კი არ დაიწყო. 4 წელი ველოდით ჩვენ შემდეგ, რომ მოლაპარაკებები დაწყებულიყო, ამაზე არც კი ფიქრობდა ბრიუსელი და დღეს იგივე ბრიუსელი გველაპარაკება, თითქოს დემოკრატიული უკუსვლის გამო ხდება ეს. ამიტომ ფარისევლობა და ცინიზმია, რაც დღეს მოვისმინეთ ჩვენ ბრიუსელის დერეფნებიდან, რომ ავტორიტარიზმი თურმე მათთვის გამოდის, რომ ამ მხრივ მისაღები იყო, მიხეილ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ლიდერებისთვის უვიზო მიმოსვლა უნდა ყოფილიყო, მოქალაქეებისთვის არაფერი 2010 წელს, ახლა თურმე დემოკრატიულ უკუსვლას ხედავენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით არის ორმხრივი შეთანხმება და შეთანხმების ცალმხრივად, ხელაღებით დარღვევა არ ხდება.
„ვიზალიბერალიზაციის საკითხი დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით არის 2010 წლის შეთანხმების საფუძველზე, ეს ორმხრივი შეთანხმებაა. ცალმხრივად შეთანხმების დარღვევა ასე ხელაღებით არ ხდება. ამიტომ ჩვენ შევხედავთ, რა არის აღებული აქ ბრიუსელის მხრიდან ამ შეთანხების დარღვევის საფუძვლად და შესაბამისად გავაანალიზებთ, რასთან გვაქვს საქმე. ასე ცალმხრივად შეთანხმების დარღვევა, ვიცით, ამას რომელი ქვეყანა აკეთებს და იმას ედავებიან საერთაშორისო სამართლის დარღვევას. საერთაშორისო შეთანხმება არის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, მისი დარღვევა არის საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა. ამიტომ ვნახოთ, ზუსტად რა საფუძველი და მოტივაციები აქვთ მოცემული. ზეპირი განცხადებებით რაც არის, ეს არის ჩვეულებრივი ცინიზმი და ფარისევლობა ბრიუსელის კორიდორებიდან მოსმენილი, რომ 2010 წელს თურმე ყვაოდა დემოკრატია საქართველოში, მაშინ, როდესაც ციხეში აწამებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ, ტელევიზიებს ხურავდნენ, არჩევნებს აყალბებდნენ და მაშინ, 2010 წელს სააკაშვილის ამბსონებს მისცეს უვიზო მიმოსვლა და თურმე მოქალაქეებს არაფერი, ნოლი საერთოდ მაშინ, არცკი გამოიხედეს საქართველოს მოქალაქეებისკენ. ახლა, იმ პირობებში, როდესაც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი, იმ პირობებში, როცა იქნება ეს მედია, პარტიები, სხვა აქტივობა, ყველას ყველაფრის შესაძლებლობა აქვს, თურმე ახლა ხედავენ დემოკრატიულ უკუსვლას. სამწუხაროა, რომ ყველგან ბრიუსელი – არსად ევროპა. სამწუხაროა, რომ ბრიუსელი დაცილდა ევროპულ ღირებულებებს, მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0