30/11/2023
11:32
მსოფლიო
ერთსქესიანი წყვილისა და აქტივისტების ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ, ნეპალის დასავლეთ ლუმჯუნგის ოლქის ხელისუფლებამ ერთსქესიანთა - 36 წლის მაია გურუნგისა და 26 წლის სურენდრა პანდეის - ქორწინება დაარეგისტრირა, რაც ლგბტ პირთა უფლებების გამარჯვებად ითვლება.
ხუთი თვის წინ, ნეპალის უზენაესმა სასამართლომ დროებითი ბრძანება გამოსცა, რომელიც ერთსქესიან წყვილებს ქორწინების რეგისტრაციის უფლებას აძლევს.
ერთსქესიან წყვილს გურუნგისა და პანდეის თითქმის ათწლიანი ურთიერთობა აქვს. ისინი 2017 წელს რელიგიური წესით დაქორწინდნენ და მას შემდეგ თავიანთი კავშირის იურიდიულად დამოწმებას ცდილობდნენ.
გურუნგი ტრანსგენდერი ქალია და მას ოფიციალურ დოკუმენტებში სქესი არ შეუცვლია. პანდეი კი - დაბადებულია და იდენტიფიცირებულია, როგორც მამაკაცი. წყვილმა BBC-ს ივლისში განუცხადა, რომ როგორც კი მათი ქორწინება დარეგისტრირდება, ერთობლივ საბანკო ანგარიშს გახსნიან და შეძენილ უძრავ ქონებას გაიყოფენ. თუმცა წყვილის ყველაზე დიდი ოცნება ბავშვის შვილად აყვანაა, როცა მათი ფინანსები უფრო სტაბილური გახდება.
13 ივლისს, უზენაესი სასამართლოს ბრძანების მიუხედავად, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს რაიონულმა სასამართლომ მათი ქორწინების რეგისტრაციაზე უარი განაცხადა. შესაბამისი კანონპროექტის ძალაში შესვლამდე, უზენაეს სასამართლოს, მთავრობის ბრძანებისამებრ, მსგავსი გაერთიანებები უნდა დაერეგისტრირებინა. რაიონული სასამართლო კი ამტკიცებდა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ვალდებული არ იყო, მთავრობის ბრძანება დაეცვა.
”წყვილის ქორწინების რეგისტრაციის მოწმობა უზენაესი სასამართლოს ბრძანებისა და შესაბამისი სამთავრობო ორგანოების მითითებების გათვალისწინებით გავეცით”, - განუცხადა Reuters-ს ნეპალის ერთ-ერთმა მთავარმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა აღნიშნულ „ისტორიულ“ მომენტს სექსუალური და გენდერული უმცირესობების გამარჯვება უწოდა.
ტაივანი მეორე ქვეყანაა აზიაში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა.
0
0