31/01/2025
12:11
მსოფლიო
ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი მერიან ფეითფული, რომელიც „როკ-ენ-როლის 100 უდიდესი ქალბატონის“ სიაში შედის, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, - იუწყება BBC-ი.
მან პოპულარობა 1960-იან წლებში, ჰიტური სინგლით „As Tears Go By“ მოიპოვა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალ შემსრულებლად იქცა. მისი კარიერა 1964 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც The Rolling Stones-ის წვეულებაზე მოხვდა. ჯგუფის მენეჯერის დახმარებით, გამოსცა „As Tears Go By“, რამაც საერთაშორისო წარმატება მოუპოვა.
1966–1970 წლებში ფეითფულს ურთიერთობა მიკ ჯაგერთან ჰქონდა. მასთან დაშორების შემდეგ ის ნარკოტიკებს მიეძალა, აწუხებდა ნერვული ანორექსია. ფეითფულზე შეყვარებული იყო ბობ დილანიც, თუმცა მათი ურთიერთობა არ შედგა.
გავრცელებული ინფორმაციით, The Rolling Stones-ის სიმღერები Let's Spend the Night Together, You Can't Always Get What You Want და Wild Horses ფეითფულს ეძღვნება.
მისი პოპულარობა განამტკიცეს როლებმა ფილმებში „მისი სახელი არასოდეს დამავიწყდება“ (1967), „გოგონა მოტოციკლით“ (1968) და „ჰამლეტი“ (1969).
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეითფული 1979 წელს Broken English-ით დაბრუნდა. ეს დისკი კომერციულად წარმატებული იყო და აღადგინა მომღერლის კარიერა. მას მოჰყვა სხვა წარმატებული ალბომებიც – Dangerous Acquaintances (1981), A Child's Adventure (1983) და Strange Weather (1987). მას 20-ზე მეტი ალბომი აქვს გამოშვებული.
0
0