07/02/2025
12:23
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/maxashvili.jpg)
მედიის ახალი კანონის დაინიცირების საერთო მიზანი არის ის, რომ უცხოური ჩარევების საკითხი იყოს დარეგულირებული, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან „მედიის კანონთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს თითოეული მედიაორგანიზაციის, არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციის უკან ვინ, რა ფინანსები და რა ინტერესი დგას.
„მედიის ახალი კანონის დაინიცირების საერთო მიზანი არის ის, რომ უცხოური ჩარევების საკითხი იყოს დარეგულირებული. ასევე, ფართო კონტექსტშიც რომ წარმოვიდგინოთ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს თითოეული მედიაორგანიზაციის, არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციის უკან ვინ, რა ფინანსები და რა ინტერესი დგას. ამასთან, დღეს ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს დეზინფორმაციის ცუნამი ძალიან დიდი საფრთხეა საზოგადოებისთვის და საზოგადოების სწორი ინფორმირებულობისთვის. სხვათა შორის, ბრიტანულ მოდელზე დიდწილად საზოგადოებრივი მაუწყებელია აგებული. ბრიტანული კანონმდებლობის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ბრიტანული მოდელი ყველაზე ეფექტიანად არეგულირებს დეზინფორმაციისა და ყალბი ნარატივების გავრცელებასთან ბრძოლას და ასევე ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვას. სამწუხაროდ, ეს ჩვენთანაც დიდი ხნის გამოწვევაა და USAID-თან დაკავშირებულმა სკანდალმა, როცა აღმოჩნდა, რომ თურმე უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა პირდაპირ მედიაორგანიზაციების დაფინანსებასა და გარკვეული იდეოლოგიების გატარებაში, ამანაც დაგვაყენა იმ სიტუაციის წინაშე, როდესაც ჩვენ ვალდებული ვართ გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ ამ ახალი და თანამედროვე გამოწვევებისგან, რაც მანამდე ჩვენ არ გვქონდა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.
მისი განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.
მდინარაძის თქმით, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.
0
0