08/01/2025
13:40
მსოფლიო
,,კლიმატის ცვლილებით შექმნილი პრობლემების გადაჭრისთვის გამიზნული გლობალური ძალისხმევა სერიოზულ დარტყმას განიცდის, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანას პარიზის ხელშეკრულებიდან გამოიყვანს,’’ - განუცხადა Reuters-ს ევროკავშირის კომისარმა კლიმატის საკითხებში ვოპკე ჰოექსტრამ.
წყაროების თანახმად, ტრამპის გარდამავალმა გუნდმა აღმასრულებელი ბრძანებები მოამზადა შეერთებული შტატების - ჩინეთის შემდეგ, მსოფლიოს მეორე უდიდესი გარემოს დამაბინძურებლის - კლიმატის ცვლილების მთავარი გლობალური ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესახებ.
,,ეს სერიოზული დარტყმა იქნება საერთაშორისო კლიმატის დიპლომატიისთვის. პარიზის ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა სხვა ქვეყნებს აიძულებს, რომ კლიმატის დიპლომატიისთვის ძალისხმევები გააორმაგოს. უალტერნატივოა ის, რომ, საბოლოოდ, ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი ამ პრობლემების აღმოფხვრაში, რადგან კლიმატის ცვლილება განურჩევლად ყველაზე მოქმედებს. ეს ნამდვილად არის პრობლემა, რომელიც მსოფლიომ ერთობლივი ძალებით უნდა გადაჭრას. ევროკავშირი კონსტრუქციულად ჩაერთვება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობაში, კლიმატის ცვლილების ჩათვლით. ევროკომისია აშშ-ის პოლიტიკურ სპექტრთან კომუნიკაციას შეეცდება, მათ შორის, არაფედერალურ დონეზეც. ევროკავშირის პოლიტიკური ციკლი არ შეესაბამება აშშ-ის მიერ განსაზღვრულ ვადებს, თუმცა ევროპას 2035 წლის კლიმატის გეგმა უკვე შემუშავებული ექნება, რომელსაც 2025 წლის ნოემბერში, გაეროს კლიმატის სამიტზე ბელემში, ბრაზილიაში, წარვადგენთ”, - განუცხადა Reuters-ს ევროკავშირის კომისარმა კლიმატის საკითხებში ვოპკე ჰოექსტრამ.
როგორც ცნობილია, პარიზის ხელშეკრულება გაეროს კლიმატის საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარი ნაწილია, რომელშიც 200-მდე ქვეყანაა ჩართული და განიხილება ემისიების შესამცირებლად ძალისხმევების დაფინანსების საკითხი. შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოლაპარაკებებში, მათ შორის ჩინეთთან მუშაობით, და საფუძველი ჩაუყარა ბოლოდროინდელ გლობალურ კლიმატურ გარიგებებს.
0
0