12/11/2023
22:38
მსოფლიო
Neuralink-მა თავის ინვესტორებს განუცხადა, რომ მომავალ წელს ტვინში იმპლანტების ჩასანერგად 11 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სექტემბერში ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა ჩიპების ტესტირებისტვის მოხალისეების ძებნა დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ათასობით მსურველი გამოეხმაურა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, 2025 წელს Neuralink ტვინის იმპლანტს უკვე 27 ადამიანს ჩაუნერგავს, 2026-ში - 79-ს, 2027-ში - 499-ს, 2030 წლიდან კი ყოველწლიურად 22 ათასს. თითოეული ოპერაციის თვითღირებულება 10,5 ათას დოლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე კომპანიის პაციენტები 40 წლამდე ადამიანები გახდებიან, რომლებსაც ყველა კიდურის პარალიზი აქვთ. ჩიპის ჩასანერგად ქირურგებს მათ თავისქალებში პატარა ხვრელის გაკეთება მოუწევთ, რის შემდეგაც რობოტი ტვინის ქერქში ჩანერგავს ელექტროდებს, რომლებიც ადამიანის თმაზე 14-ჯერ წვრილია.
ოპერაციის შემდეგ იმპლანტი სპეციალური აპლიკაციის დახმარებით შეძლებს ტვინის სიგნალების კომპიუტერში გადაცემას. ეს კი პაციენტებს მისცემს საშუალება აკონტროლონ კურსორი, კლავიატურა ან ბიონიკური პროთეზი გონების ძალით.
მომავალში Neuralink-ი იმედოვნებს ისეთი სისტემის შექმნას, რომლის დახმარებითაც, ადამიანი მიმართავს კლინიკას და 15-წუთიანი ოპერაციის შემდეგ „კიბორგი“ გახდება - მაგალითად, შეძლებს საკუთარ ტვინში ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის ჩატვირთვას, როგორც ამას კიანუ რივზის გმირი აკეთებდა ფილმში „მატრიცა“.
0
0