07/02/2025
12:11
მსოფლიო
![main-img](https://spnews.io/storage/files/untitled-design-2025-02-07t120013-349.png)
გასულ წელს უკრაინაში 495 090 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შობადობის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება. ინფორმაციას Newsweek-ი უკრაინის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2024 წელს უკრაინაში 176 679 ახალშობილი დაიბადა. 2023 წელთან შედარებით შობადობა 5,7% შემცირდა, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი, უმნიშვნელოდ, 0,2% შემცირდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემები შობადობასა და გარდაცვალების შესახებ იმ რეგიონებს მოიცავს, რომლებსაც დღეის მდგომარეობით კიევი აკონტროლებს. მონაცემები დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან არ არის სრული, ხოლო ყირიმისა და ლუგანსკის ოლქის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, გასულ წელს უკრაინაში 176 679 ბავშვი დაიბადა, მაშინ როცა 2021 წელს, რუსეთის შეჭრამდე, ეს მაჩვენებელი 273 772 შეადგენდა.
2024 წელს შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კიევში დაფიქსირდა (10 706 ბავშვი). შემდეგ მოდის ლვოვის ოლქი (15 642 ბავშვი). მას დნეპროპეტროვსკის ოლქი მოჰყვება (14 029 ბავშვი).
შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ხერსონის ოლქში დაფიქსირდა. 2024 წელს იქ 434 ბავშვი დაიბადა. როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ამის მიზეზი არის ის, რომ ხერსონის ოლქი ნაწილობრივ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ხოლო უკრაინელების მიერ კონტროლირებადი მეორე ნაწილი რუსეთის მიერ პერმანენტულად იბომბება.
რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი გარდაცვალებაა დაფიქსირებული - დნეპროპეტროვსკის ოლქია (53 268 შემთხვევა). კიევში გასულ წელს გარდაცვალების 35 528 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ხარკოვის ოლქში - 34 883.
უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აგრეთვე ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2024 წელს ქვეყანაში 150 201 ქორწინება დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ქორწინება კიევში აღირიცხა (20 862).
0
0