24/11/2024
12:04
მსოფლიო
გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის მონაწილეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ღარიბი ქვეყნებისთვის კლიმატური დახმარების გაზრდის შესახებ. 2035 წლისთვის ინდუსტრიული ქვეყნების მიერ ამ მიზნებისთვის გამოყოფილი წლიური თანხა უნდა გაიზარდოს, სულ მცირე, 300 მილიარდ დოლარამდე, ხოლო მთლიანად, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაფინანსების გათვალისწინებით, ღარიბმა ქვეყნებმა ამ დროისთვის უნდა მიიღონ 1.3 ტრილიონი დოლარი წელიწადში.
ეს თანხები განვითარებად ქვეყნებს საშუალებას მისცემს, დააფინანსონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ღონისძიებები და მოერგონ გლობალური დათბობის შედეგებს, როგორიცაა გახშირებული გვალვები, ქარიშხლები და წყალდიდობები.
ინდოეთმა მკვეთრი პროტესტი გამოთქვა შეთანხმების მიღების წინააღმდეგ, თუმცა რეზოლუცია მაინც ოფიციალურად მიიღეს კონსენსუსით. ინდოეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ჩანდნი რაინამ განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი „მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა“.
„ჩვენი აზრით, ის ვერ დაგვეხმარება იმ უზარმაზარი პრობლემის გადაჭრაში, რომლის წინაშეც ყველა ვდგავართ, ამიტომ ვეწინააღმდეგებით ამ დოკუმენტის მიღებას“, – განაცხადა მან სამიტის დასკვნით პლენარულ სხდომაზე.
თავის მხრივ, რიგი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა გამოთქვეს უკმაყოფილება, რომ მათი გამოსვლის თხოვნები იგნორირებული იყო. ნიგერიის წარმომადგენელმა ინდუსტრიული ქვეყნებისგან 300 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება „ხუმრობად“ და „შეურაცხყოფად“ მოიხსენია. ბოლივიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ განვითარებადი ქვეყნები კლიმატური კრიზისის გამო თავიანთ პრობლემებთან მარტო დატოვეს.
ევროკომისარმა კლიმატის საკითხებში, ვოპკე ჰუკსტრა რეზოლუციის ტექსტი დაიცვა. მისი თქმით, დგება „კლიმატის დაფინანსების ახალი ეპოქა“ და ევროკავშირი ამ პროცესში გააგრძელებს წამყვანი როლის შესრულებას.
ბაქოში გამართული COP29 კლიმატის კონფერენცია გახანგრძლივდა საბოლოო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. COP29-ის რიგმა მონაწილეებმა არასაკმარისად მიიჩნიეს ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნებისგან წლიური ფინანსური დახმარების 250 მილიარდ ევრომდე გაზრდის შეთავაზება.
0
0