27/01/2025
14:44
პოლიტიკა
ჩვენ ვართ ძალიან მშვიდად, რადგან ვართ მართლები. ქართველი ხალხი არის მართალი. ამავე ორგანიზაციაში [ევროსაბჭოში] მრავალი წლის განმავლობაში მე და ჩემი გუნდი ვამტკიცებდით იმას, რაც არავის სჯეროდა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იყო მართალი ყველა სასამართლო დავაში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
„იყო ღიმილნარევი შენიშვნებიც - თქვენ გგონიათ რუსეთს მოუგებთო? ხომ მოვუგეთ, თან არაერთი დავა?! ამიტომ, ჩვენ როცა ვართ მართლები, უნდა ვიყოთ მშვიდად. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარო არგუმენტები იმის შესახებ, რომ ქვეყნების უმრავლესობაში, რომლებმაც (ყველას ეს არ ეხება) შეიძლება დღეს შეეცადონ, რომ ლინჩის წესით გაგვასამართლონ, ელექტრონული მანქანების მეშვეობით არც ერთხელ არ ჩატარებულა არჩევნები, ზოგ ქვეყანაში ელექტრონული პირადობის მოწმობაც კი არ არსებობს და ამ დროს ჩვენ ვატარებთ მაღალ დონეზე ისეთ არჩევნებს რომელზეც ყველა აუდიტი, დასავლური კომპანიები ამბობენ, რომ ამ ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურის გაყალბება არის შეუძლებელი. ასევე, წარმოუდგენელია ვინმემ გააყალბოს არჩევნები, როდესაც პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის არის ასეულ ათასობით ხმების სხვაობა და ბევრი სხვა არგუმენტი, რომელიც ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად გვამყოფებს“, - აღნიშნა წულუკიანმა.
სტრასბურგში დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. საქართველოს დელეგაცია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, 29 იანვრის ჩათვლით, არაერთ შეხვედრას გამართავს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.
0
0