18/11/2024
15:43
მსოფლიო
ევროპაში სულ უფრო მზარდ მხარდაჭერას იძენს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისწრაფება რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაშია აღნიშნული.
„უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპელმა ლიდერებმა დისკუსიები დაიწყეს იმასთან დაკავშირებით, შეძლებენ თუ არა, შეავსონ ფინანსური დეფიციტი იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის ადმინისტრაცია შეწყვეტს კიევის მხარდაჭერას.
როგორც გამოცემა წერს, ევროპელი ლიდერები აღიარებენ, რომ კონფლიქტიდან გასვლა სულ უფრო აუცილებელი ხდება. ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთი იკავებს ახალ მიწებს, მაშინ როდესაც უკრაინას ცოცხალი ძალისა და შეიარაღების დანაკლისი აქვს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ, ექვსი თვის წინანდელი ვითარებისგან განსხვავებით, ახლა სულ უფრო მზარდია ევროპისა და ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციების დაახლოება მოლაპარაკებების კუთხით ღიაობასთან დაკავშირებით. თუმცა ევროპელი ლიდერები შიშობენ, რამდენად მისცემს აშშ შეთანხმების ჩამოყალიბებაზე კიევს ზემოქმედების უფლებას და მოსკოვის რომელ მოთხოვნებს გაითვალისწინებს არჩეული პრეზიდენტი.
„უოლ სთრით ჯორნალის“ მიხედვით, ტრამპსა და მისი მრჩევლებს მიაჩნიათ, რომ, უკრაინას ფრონტზე არსებული წარუმატებლობების გათვალისწინებით, სხვა არჩევანი არ დარჩება, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის გარდა.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები ღიად ადასტურებენ, რომ მათ მიზანს კვლავ წარმოადგენს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 20%-ის გათავისუფლება. ამ პოზიციას უკრაინელთა დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა მოსახლეობაში იზრდება მიმღებლობა ტერიტორიების პოტენციურ დათმობასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის ნელი, თუმცა სტაბილური წინსვლის ფონზე. სტატიაში საუბარია, რომ კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 32% მზად არის გარკვეული ტერიტორიების დასათმობად, ომის დასრულებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნების სანაცვლოდ, რაც გასული წლის 14%-იან მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა უმრავლესობა კვლავინდებურად ტერიტორიების დაკარგვის აღიარების წინააღმდეგია.
გამოცემის თანახმად, უცხოელი მაღალჩინოსნები და მრჩეველები, რომლებიც უკრაინის ხელმძღვანელობასთან საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ კიევი ტრამპთან დაკავშირებით ნერვიულობს, თუმცა ფიქრობენ, რომ ტრამპს გაურკვევლობა მოაქვს მოსკოვისთვისაც, რითიც შესაძლოა, კიევმა ისარგებლოს.
„გერმანიის ამჟამინდელმა მთავრობამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ეწინააღმდეგება მომდევნო წლებში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. უცნობია, დაეთანხმებიან თუ არა სხვა ევროპელი მოკავშირეები ბერლინს, თუმცა თუ დაეთანხმებიან, საჭიროა მოლაპარაკებების დაწყება ომის დასასრულებლად. ოლაფ შოლცის პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შოლცმა პუტინს სამართლიანი და მყარი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. კრემლმა კი, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის დიალოგის წარმართვისთვის, თუ მხედველობაში იქნება მიღებული რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები და ახალი ტერიტორიული რეალობა“, – ნათქვამია სტატიაში.
ასევე, „უოლ სთრით ჯორნალის“ წერს, რომ გასულ კვირას ბუდაპეშტის სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა პირველად განიხილეს, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის ადმინისტრაცია იანვრიდან უკრაინის დახმარებას შეწყვეტს. თუმცა არჩეულ პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრების შემდეგ მაღალჩინოსნები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი და აღნიშნავენ, რომ ტრამპს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება სურს და ითვალისწინებს გაფრთხილებებს, რომ მან რეალური დათმობები უნდა მიიღოს პუტინისგან, რათა უკრაინაში სისუსტის გამოვლენამ არ უბიძგოს მოსკოვის მოკავშირე ჩინეთს რეგიონში მეტი აგრესიისკენ.
„ევროპელი ლიდერების უმეტესობა პოლონეთში, ბალტიისა თუ სკანდინავიის ქვეყნებში კვლავ ინარჩუნებს უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას. თუმცა ბუდაპეშტში, მოლაპარაკებებზე საფრანგეთის ლიდერმა, ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ გამოთქვეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, ექნება თუ არა ევროპას საკმარისი რესურსები კიევისთვის საჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად, თუ აშშ-ის მხარდაჭერა შეწყდება“, – ნათქვამია სტატიაში.
0
0