27/01/2025
18:49
საზოგადოება
ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად - მე როდესაც მას შევხვდი, მისი პოზიცია იყო, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღესაც იგივე პოზიციაზე რჩება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ომბუდსმენის წარმომადგენლის მიერ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ლევან იოსელიანის თქმით, მზია ამაღლობელს საკანში არსებულ პირობებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს.
„სულ ახლახან გამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც არის პროფესიით ექიმი. შეხვდა ქალბატონ მზიას. მინდა გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთში ჩვენ მის შესახებ გაგვაჩნია და მისი თანხმობით ვაზიარებთ. ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. მისი დაკავებიდან დღემდე, ჩვენს მიერ ქალბატონი მზია მონახულებული იქნა 7-ჯერ. მათ შორის ჩემს მიერ, პირადადაც იქნა მონახულებული. ჩვენ ვიცით მისი განთავსების პირობები. მე უშუალოდ ვიყავი მასთან საკანში. ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, ამასთან დაკავშირებითაც ქალბატონ მზიას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, უტარდება კვლევები, ექიმი დღეში სამჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად იღებენ ინფორმაციას.
ასევე ჩვენმა წარმომადგენელმა ნახა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით ამ პერიოდში იქნა შედგენილი. ეს დოკუმენტაცია ჩვენს მიერაა გამოთხოვილი და იმედია, ამ დღეებში მოგვაწვდიან. გარდა ამისა ის ესაუბრა ექიმს და მისგანაც მიიღო დამატებითი ინფორმაცია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0