07/02/2025
12:30
პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იაპონურ მედიაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტიის შეფასებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში.
პარტიაში აცხადებენ, რომ ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს.
„ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში. ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და „შავი ფულის“ გადასატანადაც. ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს“, -აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, იაპონური მედია ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის უტა ივანიშვილის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. მათი ცნობით, „უტა ივანიშვილს ტოკიოში ელჩმა სადილის დროს შავი ჩემოდანი გადასცა და უთხრა: „იმედი მაქვს, დაგეხმარება“. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა გასულ წელს ტოკიოს ცენტრში შეიძინა ელიტარული ბინა კომპლექსში, სადაც ცხოვრობს.
0
0