05/02/2025
10:55
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ თუ არ არის მზად უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ქვეყანას ალტერნატიული უსაფრთხოების გარანტია – ბირთვული იარაღი უნდა მიეცეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, შეიძლება, „წლები ან ათწლეულები“ გაგრძელდეს.
„ამ შემთხვევაში ჩნდება სრულიად სამართლიანი კითხვა: რა დაგვიცავს ამ ბოროტებისგან მთელი ამ დროის განმავლობაში, ამ გზაზე? რა სახის მხარდაჭერის პაკეტი, რა რაკეტები? მოგვცემენ ბირთვულ იარაღს? მაშინ, დაე, მოგვცენ ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთს შეუძლია, უზრუნველყოს უკრაინა რაკეტებით რუსეთის შესაკავებლად, მაგრამ შეძლებენ თუ არა ისინი რუსული ბირთვული რაკეტების შეჩერებას, „ეს რიტორიკული კითხვაა“.
„ამიტომ, მოდი, ასე მოვიქცეთ: დაგვიბრუნეთ ბირთვული იარაღი, მოგვაწოდეთ სარაკეტო კომპლექსები, პარტნიორებო, დაგვეხმარეთ მილიონიანი არმიის დაფინანსებაში, გადმოიყვანეთ თქვენი კონტინგენტი ჩვენი სახელმწიფოს იმ ნაწილებში, სადაც გვსურს სიტუაციის სტაბილურობა, რათა ხალხი მშვიდად იყოს,“ – აღწერა ზელენსკიმ ჰიპოთეზური სიტუაცია.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის თავდასხმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შიშით იყო გამოწვეული, მაშინ თუ ქვეყანა ალიანსში არ იქნება, „პუტინმა სრულად უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია“.
„ის შემოიჭრა, რადგან ეშინოდა, რომ ნატო-ს წევრები გავხდებოდით. კარგი, ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრები. წადი ჩვენი მიწიდან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0