02/02/2025
14:18
მსოფლიო
აშშ-თან ვაჭრობაში მექსიკა ტარიფებს დააწესებს. მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, მისი მთავრობა ცდილობდა დიალოგს, ვიდრე ჩრდილოეთით თავის მთავარ სავაჭრო პარტნიორთან დაპირისპირებას, მაგრამ მექსიკა იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა.
მექსიკის პრეზიდენტი ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, რომელ პროდუქციას შეეხება მექსიკური ტარიფები.
„მე დავავალე ჩემს ეკონომიკის მინისტრს, განახორციელოს გეგმა „ბ“, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით, რაც მოიცავს მექსიკის ინტერესების დასაცავად სატარიფო და უტარიფო ზომებს“, – განაცხადა კლაუდია შეინბაუმმა.
შეერთებული შტატები მექსიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო ბაზარია, ხოლო 2023 წელს მექსიკას ჩინეთი გადაუსწრო, როგორც აშშ-ის ექსპორტის მთავარმა დანიშნულების ადგილმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, მექსიკა ამზადებს საპასუხო 5 პროცენტიდან 20 პროცენტამდე ტარიფებს აშშ-დან იმპორტირებულ ღორის ხორცზე, ყველზე, ფოლადსა და ალუმინზე, ავტოინდუსტრია კი პირველ ეტაპზე ტარიფებისგან თავისუფალი იქნება.
მექსიკის ეკონომიკის მინისტრმა, მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ ტრამპის ტარიფები არის აშშ-მექსიკა-კანადის ხელშეკრულების „უხეში დარღვევა“.
აშშ-ის ექსპორტმა მექსიკაში 2023 წელს 322 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო აშშ-მა შეიტანა 475 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მექსიკური პროდუქცია. მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მესამედი პირდაპირ დამოკიდებულია შეერთებულ შტატებში ექსპორტზე. მექსიკური ექსპორტი, შეიძლება, დაეცეს დაახლოებით 12 პროცენტით. ამით მექსიკის მშპ, შეიძლება, 4 პროცენტით შემცირდეს 2025 წელს, თუ ტარიფი შენარჩუნებული იქნება მთელი წლის განმავლობაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მექსიკის წინააღმდეგ ტარიფები გამოწვეულია როგორც უკონტროლო მიგრაციით, ასევე იმით, რომ მექსიკა ვერ აჩერებს ფენტანილის შედინებას შეერთებულ შტატებში.
0
0