10/11/2023
11:57
მსოფლიო
ნიუ-იორკში, ქირურგებმა 46 წლის პაციენტს, მსოფლიოში პირველად, თვალი სრულად გადაუნერგეს, თუმცა ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ მამაკაცს მხედველობა აღუდგება.
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მონტიორს, ასევე სამხედრო ძალების ვეტერანს, აარონ ჯეიმსს (არკანზასის შტატიდან), რომელიც მაღალი ძაბვის ელექტრო ავარიას გადაურჩა, 21-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.
აარონ ჯეიმსმა სახის უმეტესი ნაწილი დაიზიანა, როდესაც, 2021 წელს, ის 7200 ვოლტ დენს შემთხვევით შეეხო. 2023 წლის 27 მაისს, მას სახის ნაწილების [თვალის გარდა] იშვიათი გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, რომელშიც 140-ზე მეტი ჯანდაცვის პროფესიონალი მონაწილეობდა.
NYU Langone Health-ის ქირურგებმა, რომლებმაც რთული ოპერაცია ჩაატარეს, განაცხადეს, რომ ჯეიმსი ორმაგი ტრანსპლანტაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა და გადანერგილი თვალიც ჯანსაღია. პაციენტის მარჯვენა თვალი ისევ ფუნქციონირებს.
,,ის ფაქტი, რომ პირველად შევასრულეთ მთლიანი თვალის გადანერგვის ოპერაცია, დიდი წარმატებაა. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. წინ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და გავხსენით გზა მხედველობის აღდგენის შემდეგი მცდელობისთვის“, - თქვა მედიკოსთა გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ქირურგმა ედუარდო როდრიგესმა.
ექიმების თქმით, აარონ ჯეიმსის ოპერაცია მეცნიერებისთვის ადამიანის თვალის განკურნების უპრეცედენტო მაგალითია. ექიმებმა სახის ნაწილები და თვალი 30 წელს გადაცილებული მარტოხელა მამაკაცი დონორისგან მიიღეს. ოპერაციის დროს ექიმებმა დონორის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები მხედველობის ნერვში შეიყვანეს, რათა მის აღდგენას ხელი შეუწყონ. აარონ ჯეიმსი მე-19 ადამიანია აშშ-ში, რომელსაც სახის ნაწილების ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. უბედური შემთხვევის შემდეგ, ტკივილის გამო, ჯეიმსს მარცხენა თვალის ამოღება მოუწია და მრავალი ოპერაცია ჩაიტარა, მათ შორის ერთი მკლავის პროთეზირება. მან თვალის გადანერგვას "სიცოცხლის შეცვლა" უწოდა და თქვა, რომ "მადლიერია" დონორისა და მისი ოჯახის იმისთვის, რომ ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი გახადეს.
„ჩვეულებრივი ადამიანივით ქუჩაში შემიძლია სიარული“, - განუცხადა აარონ ჯეიმსმა NBC News-ს.
„აარონ ჯეიმსი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. თვალის ამგვარად განკურნება გამონაკლისი პროგრესია,“ - აღნიშნა ტრანსპლანტაციის ქირურმა ბრიუს ე. გელბიმ (ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან).
ქირურგები წლების განმავლობაში წარმატებით ასრულებდნენ რქოვანას ტრანსპლანტაციას. ექსპერტების შეფასებით, ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მიღწევაა მილიონობით ადამიანის მხედველობის აღდგენისთვის.
0
0