01/11/2023
12:04
მსოფლიო
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, 1,7 მილიონამდე ავღანელმა ქვეყანა 1 ნოემბრამდე უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაპატიმრება და დეპორტაცია დაემუქრებათ. ლტოლვილთა შორის უმეტესობა ავღანეთიდან 2021 წელს თალიბების მიერ კონტროლის აღდგენის შემდეგ გამოიქცა. სხვები ათწლეულების განმავლობაში პაკისტანში ცხოვრობდნენ. ბევრი ლტოლვილი შიშობს, რომ „ავღანეთში დაბრუნების შემდეგ მათი ოცნებები კიდევ ერთხელ დაიმსხვრევა და საარსებო წყარო ამოიწურება“.
როგორც პაკისტანური მედია იუწყება, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, 200 000-მდე ავღანელი სახლში დაბრუნდა. მოხსენებებში ნათქვამია, რომ 31 ოქტომბერს 20,000 ადამიანს პაკისტანში ყოფნის დრო ამოეწურა.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა პაკისტანის ხელისუფლებას დეპორტაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა „ადამიანის უფლებათა კატასტროფული დარღვევა“ თავიდან იყოს აცილებული.
„დეპორტაციის საფრთხის წინაშე მყოფი ბევრი ადამიანი თუ ავღანეთში დაბრუნდება, მათ თვითნებური დაპატიმრება და დაკავება, წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობა ემუქრებათ“, - თქვა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის პრესსპიკერმა რავინა შამდასანმა.
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის სარფრაზ ბუგტის განცხადებით კი, 2023 წელს პაკისტანში 24-დან 14 ტერორისტული აქტი (სუიციდი) ავღანეთის მოქალაქეებმა განახორციელეს. „არ არსებობს ორი აზრი იმის შესახებ, რომ ავღანეთის შიგნიდან გვესხმიან თავს და ამაში ავღანეთის მოქალაქეები მონაწილეობენ... ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები“.
პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაძაბულობა საზღვრისპირა თავდასხმების გახშირების შემდეგ გაიზარდა, რაშიც ისლამაბადი ავღანელ ბოევიკებს ადანაშაულებს.
პაკისტანი ბოლო წლებში ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის. 2023 წლის ივლისში პაკისტანურმა რუპიამ დოლართან მიმართებაში ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა [1998 წლის ოქტომბრის შემდეგ].
0
0